ფონდი „ქართუ" ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მლნ ლარს გადასცემს

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.
Sputnik
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ჯილდოს სახით 30 მლნ ლარს გადასცემს, ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაკრები ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი მატჩის მოგებისთვის დამატებით 30 მლნ ლარით დაჯილდოვდება.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს - ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში ეროვნულმა გუნდმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფეხბურთო ნაკრების წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას.
„საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ის 26 ფეხბურთელი, რომელიც საქართველო-საბერძნეთის ფინალურ მატჩზე იყო გამოძახებული, ღირსების ორდენით დაჯილდოვდება. სახელმწიფო ჯილდოზე ასევე წარდგენილია საქართველოს ნაკრების მთლიანად საწვრთნელო შტაბი და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა.
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
18 ივნისი, დორტმუნდი
საქართველო - თურქეთი
22 ივნისი, ჰამბურგი
საქართველო - ჩეხეთი
26 ივნისი, გელზენკირხენი
საქართველო - პორტუგალია
ევრო 2024-ზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.