თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მომხრეთა აქცია იქნება ეროვნული და და მხარს დაუჭერს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ევროპულ პოლიტიკას, განაცხადა მმართველი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მმართველი პარტია 29 აპრილს საკუთარ მხარდამჭერებს აქციაზე შეკრებს - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდამჭერი სახალხო შეკრება თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე გაიმართება, რომელსაც „ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
„აქცია იქნება ეროვნული, პირველ რიგში, ქართული და შემდეგ ევროპული. ამას ხაზგასმით ვამბობ, აქცია იქნება ჯერ ქართული და შემდეგ ევროპული პოლიტიკის მხარდამჭერი, რომელსაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება და არც ერთი ნაბიჯით არ დაიხევს უკან ამ საკითხში“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, აქციაზე მინიმუმ 100 ათასი ადამიანი შეიკრიბება, ამიტომაც რუსთაველის გამზირზე კანონის მოწინააღმდეგეებისთვის ადგილი აღარ იქნება. შესაბამისად, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული წინააღმდეგობა არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეში პოლიცია ჩაერევა.
„ნაცმოძრაობა“ რატომ აანონსებს დაპირისპირებას? გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეები იქ ვერ იქნებიან, რადგან იქნება ასი ათასზე მეტი ადამიანი და პროვოკაციისთვის თუ ვინმე მოვა, პასუხს გასცემს პოლიცია, განარიდებენ იქიდან", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
როგორც „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა განმარტა, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას გარკვეული ჯგუფები არწმუნებენ, რომ ისინი არიან საქართველოს სახე.
„მათ აქვთ მცდელობები, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, მაგალითად, გამჭვირვალობას, უწოდონ რუსული გადაწყვეტილებები. ასე იქცევიან მაშინ, როცა სხვა არგუმენტი არ არსებობს", - განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკოსმა საზოგადოებას მოუწოდა პატივი სცენ აქციის თითოეულ მონაწილეს. მისი თქმით, მმართველ პარტიას მხარდამჭერი აქციის გამართვა პარტიის მომხრეებმა სთხოვეს, რათა ოპოზიციას აჩვენონ სინამდვილეში თუ რამდენად დიდია მათი რიგები.
„დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან დიდი აქცია. მოვუწოდებ ყველას, პატივი სცეს აქციის თითოეულ მონაწილეს. მართლა ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, ჩაატარეთ აქცია და ვაჩვენოთ, რამდენი ვართ, რა შეგვიძლიაო. ამას გვეხვეწებიან ამ კვირების განმავლობაში და ახლა კონტრაქცია ხომ არ არისო? კონტრაქცია კი არ არის, ეს არის აქცია, რომელიც ორგანიზდება ჩვენ მიერ", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, როგორ შეიძლება ასე დავაკნინოთ გამჭვირვალობა და დემოკრატია, რომ მათ ანტიევროპული ვუწოდოთ.
მდინარაძემ როგორც აღნიშნა, ევროპელმა ელჩებმა, სიცრუეზე დაყრდნობით, საქართველოს ხელისუფლებას უკვე მოუწყვეს ერთგვარი დემარში.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 2023 წლის თებერვალში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს გადასცა ევროკავშირის წევრი-ქვეყნების დემარში, რომლებიც შეშფოთებული იყვნენ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით.
„27 ქვეყნის ელჩი დემარშის ფორმით გვეუბნებოდა, სააკაშვილი მოკვდებოდა, თუ არ გავუშვებდით და ეს იყო წითელი ხაზი დემოკრატიისა და „ევროპულობის". იგი ციხეშია, არ კვდება და ისე მშვენივრად გრძნობს თავს, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი ცდილობს, ქართულ პოლიტიკაში ჩაერიოს, დავალებები გასცეს. დემარშის საფუძველი ტყუილი აღმოჩნდა", - განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, არ არსებობს მამტკიცებელი ერთი არგუმენტი იმისა, რომ ეს კანონი არის რუსული და დაგეგმილი აქცია, პირველ ყოვლისა, იქნება ეროვნული.
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.