თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ადამიანებმა, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას, ჯერ პასუხი უნდა გასცენ კითხვას, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც უფრო მკაცრი ფორმით შეიძლება ევროკავშირსთვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე კომენტარისას.
ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელზეც საქართველოში არსებული სიტუაცია განიხილეს, ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გამო. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესზე.
„ჩვენ ვეკითხებით ბატონ ბორელს და ნებისმიერ სხვა ჩვენს მეგობარს და პარტნიორს და მათ წარმომადგენლებს, რატომ აშორებს გამჭვირვალობა ევროპისგან საქართველოს?.. როდესაც გაგვაკრიტიკებენ, ვინმემ გაგვცეს პასუხი, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის ის, რაც შეიძლება უფრო მკაცრი ფორმით საფრანგეთისთვის, ევროკავშირისთვის და ა.შ.?", - განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება დაპირებას იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება არ დაუბრუნდებოდა აღნიშნულ კანონპროექტს, მდინარაძის თქმით, დაპირება ძალაში ვერ დარჩება იმ პირობებში, როცა არასამთავრობო სექტორი სულ უფრო გამჭვირვალე ხდება.
„ჩემი ვალდებულებაა საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე, რომ მოვიქცე სხვანაირად, ისევ დავაინიცირო კანონი და ისევ მივცე მსვლელობა ამ საკითხს", - აღნიშნა მდინარაძემ.
ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას, ამტკიცებენ, რომ იგი საქართველოს მეგობრებსა და მტრებს ერთ სიბრტყეზე აყენებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ხელისუფლების ოპონენტები სკანდალურ კანონპროექტს „რუსულს“ უწოდებენ და თბილისის ცენტრში მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ.
მმართველმა პარტიამ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველოს ხელისუფლებას კანონის მიღებაზე უარისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.