ირაკლი კობახიძემ უხუცეს საჯარო მოხელეს 100 წლის იუბილე მიულოცა

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ კაპანაძე, შვიდ ათეულ წელზე მეტია საჯარო სამსახურში მუშაობს
Sputnik
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უხუცეს საჯარო მოხელე რევაზ კაპანაძეს, რომელიც 76 წელია, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მუშაობს, 100 წლის იუბილე მიულოცა, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მთავრობის მეთაური რევაზ კაპანაძეს სამსახურში ესტუმრა, მას ჯანმრთელობა უსურვა და საჯარო სამსახურში მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ კაპანაძე, შვიდ ათეულ წელზე მეტია პროფესიას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ჰისტოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტის პოზიციიდან ემსახურება.
იგი ათწლეულების განმავლობაში მოღვაწეობდა პედაგოგიურ და სამეცნიერო კვლევით სფეროში. მან პროფესიონალთა მრავალი თაობა აღზარდა. მის სახელს უკავშირდება 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, სახელმძღვანელოები.
რევაზ კაპანაძე იყო 15-ზე მეტი საკანდიდატო დისერტაციისა და 10-ზე მეტი სადოქტორო დისერტაციის მეცნიერული ხელმძღვანელი.