თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 24-25 აპრილს უნგრეთს ეწვევა, სადაც კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას, განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
ამერიკის კონსერვატიული კავშირის მიერ ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია 1970-იანი წლებიდან იმართება. პირველი ევროპული კონფერენცია ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრის ორგანიზებით უნგრეთის დედაქალაქში 2022 წელს გაიმართა. მომდევნო წელს ღონისძიების მთავარ მომხსენებლებს შორის საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.
კონფერენციის დღის წესრიგის მიხედვით, გაიმართება საპანელო დისკუსიები თემებზე - „სუვერენიტეტი ცოცხლობს, გლობალიზმი კვდება“, „გადაარჩინეთ დასავლეთი, დაიცავით საზღვრები“. გასული წლის მსგავსად, ღონისძიების მთავარი სპიკერი უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი იქნება.
პრემიერთან ერთად ბუდაპეშტში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაემგზავრება.
შარშანდელი კონფერენციის ღირებულებები იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი".