თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 2 ათას ლარამდეა, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 ათას ლარს გადააჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიენიჭება.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი პატრულირების დროს განსაკუთრებით გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ბოლო წლებში ბზის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის სტატისტიკა მაღალია.
ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, ნათქვამია განცხადებაში.
„კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს. თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე მკაცრი სანქციები გატარდება”, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსი, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი - ბზის ალურა.
ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს.
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. ის ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.
2024 წლის საეკლესიო კალენდრის მიხედვით ბზობის დღესასწაული 28 აპრილს აღინიშნება.