ვინ უფრო მეტს? მმართველმა პარტიამ თბილისის ცენტრში აქცია დააანონსა

ხელისუფლების სურვილია ყველას დაანახოს თუ „სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა"
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 29 აპრილს მხარდამჭერებს აქციაზე შეკრებს - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდამჭერი სახალხო შეკრება პარლამენტის შენობის წინ გაიმართება, ნათქვამია „ქართული ოცნების" განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველღიურად იმართება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევას, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.
„მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტმა თანამოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, ცხადია, რომ გასული წლის მარტისგან (კანონპროექტის პირველი ინცირება) განსხვავებით, წელს რადიკალურმა ოპოზიციამ შეცდომაში თანამოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილის შეყვანა შეძლო.
„პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9,5 ათასი ადამიანი შეადგინა. აშკარაა, რომ კეზერაშვილის, ხაზარაძის და მდიდარი „ენჯეოების“ არაკეთილსინდისიერი დონორების მიერ რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებაში ჩადებულმა მრავალმილიონიანმა ინვესტიციამ არ გაამართლა. ქართული საზოგადოება უკვე იმდენად არის პოლიტიკურად მომწიფებული, რომ ვერავითარი ფულით მას შეცდომაში ვერ შეიყვან", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც „ქართული ოცნება" აღნიშნავს, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, დღეს მმართველი პარტიის რეიტინგი 60%-ს აჭარბებს, ხოლო ერთადერთ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ბარიერის გადალახვას ახერხებს, მხოლოდ 12%-იანი რეიტინგი აქვს.
„ამ ფონზე, პოლიტიკურად გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია, მდიდარი „ენჯეოები“ და ე.წ. პრეზიდენტი ხალხის სახელით გვესაუბრებიან, რაც ჩვენი მხარდამჭერების, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს", - ნათქვამია განცხადებაში.
მმართველი პარტიის განცხადებით, პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ პოლიტიკურ უმცირესობას ვერ მივცემთ სპეკულირებისა და ხალხის სახელით საუბრის უფლებას.
„ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები - მამული, ენა და სარწმუნოება", - ნათქვამია განცხადებაში.
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.