ეროვნული მნიშვნელობის საკითხები: პაპუაშვილი ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე

სკანდალურ კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება 17 მარტამდე უნდა მიიღონ
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოში ეროვნული მნიშვნელობის საკითხების განხილვა და გადაჭრა დროულად უნდა მოხდეს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ე.წ. ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების ქუთაისში საყოველთაო-სახალხო განხილვისას.
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, შეხვედრებს ასევე გამართავს ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში.
საპარლამენტო უმრავლესობამ 3 აპრილს დააინიცირა ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში და საკონსტიტუციო კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც კრძალავს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, სქესის შეცვლას, გენდერული მახასიათებლების განმსაზღვრელი ცნებების გამოყენების შეზღუდვას და ამ ყველაფრის პროპაგანდას.
„თუ არსებობს საკითხები, რომლებსაც ჩვენთვის ეროვნული მნიშვნელობა აქვს, აუცილებელია მათი განხილვა, შეთანხმება და დროულად გადაჭრა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თქმით, 2017 წელს კონსტიტუციაში შესული ცვლილებების შედეგად, დღეის მდგომარეობით, კონსტიტუციის ცვლილებას სჭირდება პარლამენტის წევრთა სამი მეოთხედი, რათა მყისიერად შევიდეს ძალაში.
„ამიტომაც ის ყველაზე მტკიცე საკანონმდებლო აქტია... წინ საინტერესო დისკუსია გველოდება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, გამოცდილება აჩვენებს, რომ ტენდენცია, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეიმჩნევა, გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება საქართველოზეც გავრცელდეს.
„ამიტომაც უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენს ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით, რა არის ჩვენი ფასეულობა, რა არის ის კალაპოტი, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იმოძრაოს", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომაც შეიქმნა კონსტიტუციური ცვლილების და კონსტიტუციური კანონის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია.
„ერთი თვე გვაქვს იმისთვის, რომ თქვენთან და სხვა თანამოქალაქეებთან განვიხილოთ ეს ინიციატივა, მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები, შევაჯამოთ და წარვუდგინოთ პარლამენტს, გადავცეთ დანაბარები. 17 მაისამდე გვაქვს დრო", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, სალომე ქურასბედიანი, თენგიზ შარმანაშვილი, სოზარ სუბარი, ფრიდონ ინჯია, ალექსანდრე ელისაშვილი, შალვა კერესელიძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ნინო შავგულიძე.
„ლგბტ-პროპაგანდის" წინააღმდეგ მომზადებულ ინიციატივას ხელი 83-მა დეპუტატმა მოაწერა.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ უკვე განაცხადეს, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ. ოპონენტების მხარდაჭერის გარეშე, ამჟამინდელი პარლამენტის პირობებში, ისინი აპირებენ მიიღონ ცვლილებები კანონებში, რომლებიც იცავს ოჯახურ ფასეულობებს და კრძალავს ლგბტ პროპაგანდას, რასაც 76 ხმა სჭირდება.
კანონპროექტი დეტალებში
კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ქვეყნის მთავარი კანონის 30-ე მუხლს ემატება მესამე პუნქტი: „ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს საკონსტიტუციო კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“.
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ასე გამოიყურება:
კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.