პროპაგანდა თუ უფლებების დაცვა? ლგბტ-თემთან მიმართებით ცნებების გამიჯვნას გეგმავენ

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ყველა ადამიანის უფლებები ერთნაირად უნდა იყოს დაცული.
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. არატრადიციული იმიჯის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან და საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს მათ აღრევას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვისა და ე.წ. ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების ქუთაისში საყოველთაო-სახალხო განხილვისას.
საპარლამენტო უმრავლესობამ 3 აპრილს დააინიცირა ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში და საკონსტიტუციო კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც კრძალავს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, სქესის შეცვლას, გენდერული მახასიათებლების განმსაზღვრელი ცნებების გამოყენების შეზღუდვას და ამ ყველაფრის პროპაგანდას.
„დღეს ვიღაცას უნდა, რომ უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აურიოს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მკაცრად და მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა", - განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ აინტერესებს ვის როგორი ცხოვრების წესი აქვს.
„ამ მხრივაც ურყევი უნდა ვიყოთ და არავითარ შემთხვევაში არატრადიციული ცხოვრების წესის არჩევა არ უნდა გახდეს ადამიანის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულების საფუძველი“, - ხაზგასმით აღნიშნა მდინარაძემ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ყველა ადამიანის უფლებები ერთნაირად უნდა იყოს დაცული.
„ამავდროულად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ვინმეს უფლებების დაცვაზე, მაშინ ჩვენ უნდა შევძლოთ უზრუნველვყოთ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების, ჩვენი ოჯახური ფასეულობების დაცვა”, - დასძინა მან.
კანონპროექტი დეტალებში
კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ქვეყნის მთავარი კანონის 30-ე მუხლს ემატება მესამე პუნქტი: „ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს საკონსტიტუციო კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“.
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ასე გამოიყურება:
1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.