ქართულ ავიაბაზარზე ნიდერლანდების ავიაკომპანიამ ოპერირება დაიწყო

Transavia ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 2 სიხშირით Boeng 737-ით შეასრულებს.
Sputnik
თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Transavia-მ ოპერირება დაიწყო, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება .
2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანიამ ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით პირველი რეისი 20 აპრილს შეასრულა - პირველ საინაუგურაციო რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Transavia-ის აღმასრულებელი დირექტორი მარსელ დე ნუაიერი ჩამოყვა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წელს ავიაკომპანიასთან დაწყებული აქტიური მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა.
Transavia ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 2 სიხშირით Boeng 737-ით შეასრულებს.
,,მოხარული ვართ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზაფხულის სანავიგაციო სეზონს უფრო მეტი რეისით ხვდება. კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. საქართველოს ავიაბაზარზე ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia შემოვიდა“, - განაცხადა ქარქაშაძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია.
Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. ავიაკომპანია, რომელიც AIR FRANCE KLM ჯგუფის წევრია ნიდერლანდებიდან ფრენებს 20 ქვეყნის 100-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს და ყოველწლიურად 9 მლნ მგზავრი გადაჰყავს.
Transavia-ს შვიდი ბაზა აქვს. ავიაკომპანიის ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში.