ქართველმა „ჰალკმა" საჩემპიონო ქამარი მოიპოვა

ლევან საგინაშვილი 190 სმ სიმაღლისაა, წონა კი 180 კგ აქვს. მისი მაჯის გარშემოწირულობა 28 სმ-ია, ბიცეფსის გარშემოწირულობა კი 58 სმ.
Sputnik
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ქართველი სპორტსმენი ლევან საგინაშვილი, მეტსახელად „ჰალკი“, სტამბულში მკლავჭიდელთა შორის East vs West-ის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ქართველმა სპორტსმენმა ფინალში კანადელი ჩემპიონი დევონ ლარატი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
მეტოქეები ერთმანეთს მანამდე 2022 წლის ივნისში King of the Table-ზე დაუპირისპირდნენ. ქართველმა „ჰალკმა" მოწინააღმდეგეს მაშინაც სძლია.
East vs West-ის ტურნირი ქართველი კლავჭიდელების სრული დომინაციით წარიმართა – ლევან საგინაშვილის გარდა, ჩემპიონები ირაკლი ზირაქიშვილი და დავით სამუშია გახდნენ.
ლევან საგინაშვილი 190 სმ სიმაღლისაა, წონა კი 180 კგ აქვს (მკლავჭიდელთა საშუალო წონა 120-130 კგ-ია). მისი მაჯის გარშემოწირულობა 28 სმ-ია, ბიცეფსის გარშემოწირულობა – 58 სმ.