თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოში 2023 წელს სტრუქტურიზებული ტერორისტული ჯგუფები არ დაფიქსირებულა, ხოლო ათობით უცხოელმა, რომლებიც ტერორისტულ იდეებს იზიარებდნენ, „პროფილაქტიკური ღონისძიებების“ შემდეგ ქვეყანა დატოვა, ნათქვამია საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს გლობალური უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საერთაშორისო ტერორიზმი იყო. ტერორისტულ აქტივობებს აგრძელებდნენ „ისლამური სახელმწიფო“ და „ალ-კაიდა“, ხოლო „თალიბანი“ წარმოადგენდა საფრთხეს როგორც ლოკალური, ისე რეგიონული სტაბილურობის კუთხით. „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ახლო აღმოსავლეთში არსებული უსაფრთხოების კონტექსტი მნიშვნელოვნად შეიცვალა.
„საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან კონტრტერორისტული მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგად, 2023 წელს საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციების მნიშვნელოვან აქტივობებს ადგილი არ ჰქონია. ქვეყანაში არ არსებობდა სტრუქტურიზებული ტერორისტული ჯგუფი, ხოლო ტერორიზმის დაფინანსების შესაძლებლობები უკიდურესად შემცირდა“, - ნათქვამია ანგარიშში.
იქვე აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში ტერორისტული იდეების შესაძლო მხარდამჭერების რაოდენობა კვლავ მცირე იყო.
2023 წელს, გასული წლების მსგავსად, საქართველო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის სასურველ სამოქმედო გეოგრაფიულ ლოკაციად არ იდენტიფიცირდებოდა. მიუხედავად ამისა, სამსახური შესაბამის ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებდა საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის ცალკეულ წარმომადგენლებზე ტერორისტული თავდასხმის პრევენციის მიმართულებით.
უცხო ქვეყნის ათობით მოქალაქის მიმართ, რომლებიც ტერორისტულ იდეებს იზიარებდნენ, პროფილაქტიკური ღონისძიებები გატარდა, რის შემდეგაც მათ ქვეყანა დატოვეს.
2023 წელს ტერორიზმის მუხლებით გამოძიება დაიწყო 13 სისხლის სამართლის საქმეზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კი 16 პირის მიმართ დაიწყო.
დაკავებულთა შორის ერთ-ერთი „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკია. კიდევ ოთხი პირი, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზეა დაკავებული.
გარე რისკები
სუსის მონაცემებით, სირიაში რჩებიან საქართველოს მოქალაქეები და მათი ოჯახების წევრები, რომლებიც შესაძლოა კავშირში იყონ ტერორისტულ ორგანიზაციებთან და ქვეყნისთვის აქტუალურია მათი შესაძლო დაბრუნების საფრთხე.
„აღნიშნული პირების საქართველოში დაბრუნების მცდელობის შემთხვევაში, სამსახური სისხლისსამართლებრივი გამოძიების ფარგლებში შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, - ნათქვამია ანგარიშში.
2023 წელს ტერორიზმის ბრალდებით (ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) პასუხისგებაში დაუსწრებლად მიეცა სირიაში მებრძოლი საქართველოს სამი მოქალაქე.
სუსი სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა საქართველოს საზღვრის „კონტრტერორისტულ სკრინინგს“ და მკაცრად აკონტროლებდა ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად შემოღწევის მიზნით გამოყენებადი მარშრუტები და ე.წ. დერეფნები.
„თავიდან იქნა აცილებული საქართველოში ტერორიზმთან და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული პირების მოხვედრა, ხოლო საეჭვო პირების შესახებ ინფორმაცია ოპერატიულად გადაეცა პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან საქართველო კვლავაც იცავს საერთაშორისო დირექტივებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც ტერორისტთა სიებშია მოხვედრილი.
ტერორისტების დაფინანსება
გასულ წელს საქართველოში ტერორიზმისა ან ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების ფაქტები არ დაფიქსირებულა.
მსგავსი დანაშაულის პრევენციის მიზნით საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების ეროვნული ანგარიში მომზადდა. ამ ანგარიშმა აჩვენა, რომ საქართველოში ტერორიზმის დაფინანსების რისკი დაბალია.
წყარო - სუსის ანგარიში