თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზმა აჩვენა, რომ უსაფუძვლო იყო მტკიცებულებები, თითქოს ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდა პანდემიის დროინდელი ეკონომიკური ვარდნის კომპენსირება იყო, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.
სსფ-ის პროგნოზით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს ზრდის ათწლიანი ტემპის მიხედვით 2029 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამეულში დაიმკვიდრებს ადგილს და ევროპაში ზრდის უპირობო ლიდერი გახდება.
„ეს ძალიან კარგი შედეგია და ადასტურებს იმას, რომ უსაფუძვლო იყო ნარატივი იმის შესახებ, თითქოს, მიმდინარე წლების მაღალი ეკონომიკური ზრდა პანდემიის დროს ეკონომიკური ვარდნის კომპენსირება იყო და ამ ეფექტით იყო გამოწვეული. აღმოჩნდა, რომ საქართველო ლიდერია ეკონომიკური ზრდის ტემპით ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 2019 წელთან შედარებით“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
რა აჩვენა პროგნოზმა
სსფ-ის მონაცემებით, 2019-2029 წლების პერიოდში ლიდერთა სამეულში 967%-იანი ზრდით შევა გაიანას კოოპერატიული რესპუბლიკა, შემდეგ მოდის ბანგლადეში (საშუალოწლიურად 5,3%) და საქართველო (საშუალოწლიურად 5,3%). ამასთან, წარმოდგენილი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 10 წელიწადში 68%-ით გაიზრდება.
მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური ეკონომიკის ათწლიანი საპროგნოზო ზრდის ტემპის მიხედვით 2029 წელს საქართველო ასევე მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია.
სავალუტო ფონდის შეფასებით, 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა და 23.236 დოლარს გადააჭარბა. 2024 წელს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე ხდება 25.248 დოლარზე მეტი, 2029 წლისთვის კი აჭარბებს 35.642 საერთაშორისო დოლარს.
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკულ დოლარში ერთ სულზე 2029 წელს 12.900 ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს, 2020 წელთან შედარებით გასამმაგდება, 2021 წელთან შედარებით კი ორნახევარჯერზე მეტად იზრდება.
უშუალოდ 2029 წელს ფონდის პროგნოზით საქართველოს ნომინალური ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე ამერიკულ დოლარში 8,6%-ით გაიზრდება.