რა შემთხვევაში შეიძლება გაიწვიონ გამჭვირვალობის კანონი: ირაკლი ღარიბაშვილის განმარტება

მოწინააღმდეგები კანონს „რუსულს“ უწოდებენ და მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ.
Sputnik
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გააუქმებს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, თუ ევროკავშირი ამას გაერთიანებაში გაწევრიანების პირობად გახდის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ცხრა პირობა, რომელთა შესრულების შემდეგ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს გაუხსნიან.
„დღეს ქვეყანა არ არის მზად, გახდეს წევრი ქვეყანა, ხომ მეთანხმებით? არ არის კონსესუსი, რომ დღესვე შეიძლება, გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მით უმეტეს, ამდენი პრობლემაა და მთელი დრო დასჭირდება ამას. დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება. შემდეგი ნაბიჯები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ძალიან მარტივად, მინდა, გითხრათ, თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა მზად იქნება და გვეტყვიან, ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმებაც, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღებაც“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ საქართველოს სჭირდება გამჭვირვალობა და მიუღებელია, როდესაც უცხოელი პარტნიორების ფული „მიემართებოდა ან მიემართება დესტრუქციული, ანარქისტული, ექსტრემისტული აქციების ორგანიზებისთვის“.
რბილია: ლავროვმა „საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეაფასა>>
„ჩვენთვის არის მიუღებელი, როცა ეს ფული მიემართებოდა ან მიემართება დესტრუქციული, ანარქისტული, ექსტრემისტული აქციების ორგანიზებისთვის, როცა ეს ფული მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიის გავრცელებისთვის. ძალიან ბევრი აქციის უკან იდგნენ ეს ცნობილი, აგრესიულობით გამორჩეული ორგანიზაციები, იგივე „სირცხვილია“, სხვა ორგანიზაციები, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას უცხოეთიდან და ამ ფულს იყენებდნენ მთავრობის, ხელისუფლების, ხალხის წინააღმდეგ, შემოჰქონდათ შფოთვა, არეულობა, ქაოსი. ეს მიუღებელია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, რამდენიმე ორგანიზაცია ახდენს მთელი სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას.
„არიან ორგანიზაციები, რომლებიც საქმიანობენ, თუნდაც შშმ პირთა უფლებების დასაცავად, სხვები, მაგრამ შენიღბული ორგანიზაციები, რომლებიც არიან, ფაქტობრივად, დე ფაქტო, ყველაზე რადიკალური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი სატელიტები, მათი საქმიანობა არ არის გამჭვირვალე. ისინი ახდნენ დისკრედიტაციას სხვა არასამთავრობოების. ეს არის პრობლემა, ისინი ახდენენ დისკრედიტაციას, მათ შორის, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების და ამ ურთიერთობას აზიანებენ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ.
მმართველმა პარტიამ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.