ნარკოტიკებით ვაჭრობა საქართველოში: სამ პირს უვადო პატიმრობა მიესაჯა

დანაშაულებრივი ჯგუფი საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მოქალაქეების ხელმძღვანელობით დისტანციურად იღებდა შეკვეთებს ნარკოტიკულ საშუალებებზე და გადახდის შემდეგ კლიენტს „სამალავის“ ლოკაციას გადასცემდა
Sputnik
თბილისი, 20 აპრილი - Sputnik. ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებულ სამ პირს - უვადო, ხოლო ორს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის 3 მოქალაქის ხელმძღვანელობით მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელით, დისტანციურად იღებდა ნარკოტიკული საშუალების ე.წ. შეკვეთას, სპეციალურად გახსნილ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდგომ კი ე.წ. დამდების მეშვეობით სასურველი ნარკოტიკული საშუალების წინასწარ შერჩეულ ადგილზე განთავსებას უზრუნველყოფდა, რის შემდეგაც შემძენს ლოკაციის და ადგილმდებარეობის ფოტოები ეგზავნებოდა.
უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში საქართველოს 2 მოქალაქე ჩართეს, რომლებიც ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული თანხების წარმომავლობის შენიღბვას და დანაშაულის ორგანიზატორებისთვის საზღვარგარეთ მიწოდებას, ასევე ბანკებთან წამოჭრილი პრობლემების მოგვარებას უზრუნველყოფდნენ.

ორგანიზებულმა ჯგუფმა საქართველოში 2021-2023 წლებში ზემოაღწერილი სქემით ნარკორეალიზაციის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 17,3 მლნ ლარის, 2,5 მლნ აშშ დოლარისა და 24 ათასი ევროს - უკანონო შემოსავალი მიიღო, რომლის ლეგალიზაციაც რამდენიმე ხერხით განხორციელდა.

კერძოდ, თანხის ნაწილი ქართულ საბანკო ანგარიშებზე უმიზნო ტრანზაქციებისა და კონვერტაციის შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელ პირთა უცხოურ ანგარიშებზე ირიცხებოდა. თანხის ნაწილის განაღდება კი საქართველოში ხორციელდებოდა და სხვადასხვა პირის სახელით ფულადი გზავნილის სახით საზღვარგარეთ იგზავნებოდა, ასევე საქართველოში და კვიპროსში შეძენილ იქნა ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება.
დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის და 194-ე მუხლებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მიღებული 2 ავტომანქანა და 310 ათას ლარზე მეტი ჩამოერთვათ.
წყარო - საქართველოს პროკურატურა