თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ურბანული სპორტის სახეობათა ფედერაციის ორგანიზებით, 20-21 აპრილს, დედაენის ბაღში პირველი მასშტაბური ფესტივალი - სახელწოდებით, „ურბან ფესტი“ (Urban Fest) ჩატარდება, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პროექტის მიზანი ურბანული სპორტის სახეობების განვითარება და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
„პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სპორტული შეჯიბრები, სახალისო თამაშები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. იფუნქციონირებს კვების ზონები; ასევე, ფესტივალის დასასრულს გაიმართება ღონისძიების დახურვის ცერემონია. ფესტივალზე მისული სტუმრები ორი დღის განმავლობაში შეძლებენ, ჩაერთონ მათთვის საყვარელი სპორტული სახეობების შეჯიბრებში“, - განაცხადა კალაძემ.
ქალაქის თავის თქმით, მერიამ ბევრი მსგავსი პროექტი განახორციელა, რადგან „სპორტი, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია“.
„მსგავს პროექტებს ყოველთვის ექნება ჩვენგან დიდი მხარდაჭერა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ფესტივალი მოიცავს შეჯიბრებებს სტრიტბოლში, პარკურში, ვორქაუთში, სქეიტბორდში და მთის ველოსიპედში.
ორი დღის განმავლობაში ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაზე ახალგაზრდებში პოპულარული ქართველი შემსრულებლები იზრუნებენ.