თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. 18 აპრილს საქართველოს პარლამენტში ვიზიტორთა შესვლა შეიზღუდება - ამოქმედდა უსაფრთხოების ყვითელი დონე, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს,17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის მიღებასაც ეწინააღმდეგება როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. კანონის მიღების წინააღმდეგ პარლამენტთან რამდენიმე დღეა მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. წუხელ აქციის მონაწილეები გვიან ღამით დაიშალნენ.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 18 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
2023 წლის სექტემბრიდან საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების რამდენიმე დონე მოქმედებს. მწვანე დონე - როდესაც არ არსებობს შეზღუდვები. წითელი დონე ეხება ფორსმაჟორული სიტუაციის შემთხვევაში ევაკუაციის შემთხვევას. ყვითელი დონე, როდესაც შეიძლება სხვადასხვა სახის შეზღუდვა იყოს ვიზიტორებთან დაკავშირებით.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შეზღუდვა ტელეკომპანიების აკრედიტებულ ჟურნალისტებზე არ ვრცელდება.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს ხელისუფლებას კანონის მიღებაზე უარისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
საქართველოს მმართველი პარტია, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ არც ერთ ოპონენტს არ გააჩნია მის პოზიციის გასამყარებელი არგუმენტი კანონპროექტის მავნებლობასთან დაკავშირებით, არამედ ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ ზოგადი ფრაზებით, თითქოს ეს არის დაბრკოლება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა აუცილებელია რადიკალიზაციის, პოლარიზაციის, აგრესიის, რელიგიური ექსტრემიზმის, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების, არატრადიციული ცხოვრების სტილის პოპულარიზაციისა თუ პარტიების რადიკალური რევოლუციური მიზნების თავიდან ასაცილებლად.