თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. 30 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი სუვერენიტეტის მოთხოვნით იკრიბებოდა რუსთაველის გამზირზე, და პარადოქსია ის რომ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ახლა კრებდნენ ხალხს იმისთვის, რომ მოეთხოვათ ნაკლები სუვერენიტეტი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონპროექტს „რუსულ კანონს“ უწოდებენ და პარლამენტთან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ.
„პარადოქსია იმის დაშვება, ადამიანები მიიყვანო იქამდე, რომ ათქმევინო, რომ მას უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია, რომ ბევრი ინფორმაცია მისთვის არის თითქოს ცუდი და მავნებელი. ამ პარადოქსამდე არის მისული NGO სექტორი და ამ პარადოქსამდე მიგვიყვანა ამ სიტუაციამ. საერთაშორისო გამოხმაურების მხრივ, ჩვენ ვნახეთ ერთი რამ, რომ პროპაგანდა ე.წ. „რუსული კანონის“ ჩაიშალა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მმართველი პარტია შინაარსობრივ კრიტიკას ელოდება.
„კანონის მიღების პროცესი არის გრძელი, რამდენიმე კვირა დასჭირდება. ყველას აქვს დრო, რომ წარმოადგინოს საკუთარი არგუმენტები საკომიტეტო განხილვის დროს, ასევე, პლენარულ სესიაზე. დღემდე ვერაფერი მოვისმინეთ, მათ შორის ვერც უცხოელებისგან მოვისმინეთ რაიმე არგუმენტი. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის დოგმატიზმი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს,17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის მიღებასაც ეწინააღმდეგება როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის დასავლელი პარტნიორები.
მმართველმა პარტიამ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.