თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ვაკის რაიონში მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი".
ინციდენტი ტიციან ტაბიძის ქუჩაზე, დღის პირველ ნახევარში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამივე დაჭრილი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი, მათგან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა. მან ცეცხლი ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნა, რომელიც ქუჩაში პირადი დაცვით გადაადგილდებოდა. პირადმა დაცვამ საპასუხო ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც თავდამსხმელი დაიჭრა.
„რამდენიმე გასროლის ხმა გავიგონე. დაახლოებით შვიდი გასროლა მოხდა. ის ვინც ისროდა, თავშია დაჭრილი, ორი კი მხარში. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს", - განაცხადა თვითმხილველმა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. დანაშაულის მოტივი უცნობია.