პარლამენტმა სკანდალური კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა.
Sputnik
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხომაზე დეპუტატებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს.
კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრაში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.
სკანდალური კანონპროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა.
იმისთვის, რომ კანონპროექტი ძალაში შევიდეს, დეპუტატებმა იგი კიდევ ორი ​​მოსმენით უნდა განიხილონ და დაამტკიცონ. მეორე მოსმენა ითვალისწინებს პროექტის მუხლობრივ განხილვას და ცვლილებების შეტანას, ხოლო მესამე - კანონის ტექსტში სარედაქციო ცვლილებების შეტანას. პროექტი მხოლოდ სამი მოსმენით მიღების შემდეგ გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.