თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ დევი ჭანკოტაძის განცხადება გააკრიტიკა.
სამშაბათს, 16 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე, რომელიც საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა, ჭანკოტაძემ განაცხადა, რომ, როგორც გენერალი, იგი კანონპროექტის უკან გაწვევას ურჩევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციონერის თქმით, ეს ძალიან ცუდ მოვლენებს გამოიწვევს. „ერთი ადამიანიც რომ მოკვდეს, ძალიან ცუდად დამთავრდება“, - განაცხადა ჭანკოტაძემ.
„რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები, განსაკუთრებით სამხედროების მხრიდან, აბსოლუტურად მიუღებელია. რას ნიშნავს, თუ რამე მოხდება? საღამოს მენიშნა, რაც ხდებოდა საბოლოო ჯამში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გუშინ იყო მშვიდობიანი აქცია, პოლიციამ კი უზრუნველყო მიტინგის უსაფრთხოება.
„ყველაფერი მიდიოდა ისე, როგორც ქართულ საპროტესტო მოძრაობებს ეკადრება ხოლმე. და იქ იყვნენ ჯგუფები, რომლებსაც ჰქონდათ პირდაპირ ამოცანა, რომ პროვოცირება მოეხდინათ, ძალადობაზე გადასულიყვნენ და ვნახეთ, რაც გააკეთეს საბოლოო ჯამში - პიკეტირება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ჭანკოტაძის განცხადება იყო წამოცდენა, რომელიც მიანიშნებდა, თუ ვისგან შეიძლება მოდიოდეს აგრესია. მისი თქმით, ძალადობისკენ აქციის მონაწილეებს ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მოუწოდებდნენ.
„როცა ისინი ხედავენ, რომ ტარდება საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი აქცია, მაშინვე გადადიან მოწოდებაზე, რომ მოხდეს ალყის დარტყმა, პიკეტირება, პირდაპირ ძალადობაზე წასვლა. შსს-მ არაერთხელ მიუთითა, რომ პარლამენტის საქმიანობის უზრუნველყოფა მათი პასუხისმგებლობაა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
გუშინ, 16 აპრილს პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავდა შსს-ს ოთხი თანამშრომელი, 11 პირი კი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
თბილისის ცენტრში გამართული საპროტესტო აქცია მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს თანამშრომლების მხრიდან აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ პროტესტი კანონით გათვალისწინებული ფორმით გამოეხატათ და ძალისმიერი ქმდებები არ განეხორციელებინათ, აქციის მონაწილეები პოლიციელებს სხვადასხვა ბლაგვ საგნებს ესროდნენ, მათ შორის ქვებს და ბოთლებს. აქციაზე დაზარალებული პოლიციელები კავკასიის მედიცინის ცენტრში არიან გადაყვანილი.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. საქართველოს ხელისუფლებას კანონის მიღებაზე უარისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.