კალაძე: 18-მეტრიანი 40 ერთეული ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია

გამარჯვებულმა კომპანიამ შესყიდული ავტობუსები დამკვეთს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა მიაწოდოს.
Sputnik
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი, რომელიც დამატებით, 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას ეხება, დასრულებულია, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, კომპანია „თეგეტა ჰოლდინგი“ მუნიციპალიტეტს MAN-ის მარკის 40 ერთეულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 18-მეტრიან ავტობუსს მიაწოდებს.
„ჩვენ, თავდაპირველად, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უნდა შეგვეძინა, თუმცა ფინანსების გამო, გასულ წელს მხოლოდ 160 ერთეული შევისყიდეთ. წელს გამოცხადებული გვქონდა დარჩენილ 40 ერთეულ ავტობუსზე ტენდერი. გვყავს გამარჯვებული კომპანია - „თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც მოგვაწვდის MAN-ის მარკის ავტობუსებს”, - განაცხადა კალაძემ.
გამარჯვებულმა კომპანიამ შესყიდული ავტობუსები დამკვეთს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა მიაწოდოს.
„ჩვენი პოლიტიკის მიზანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ კომფორტული და ყველასთვის ხელმისაწვდომი. 18-მეტრიანი ავტობუსები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დღის განმავლობაში უფრო მეტი მგზავრი გადავიყვანოთ,“, -აღნიშნა კალაძემ.
ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის: სალონში არის სპეციალური სივრცე ეტლებისთვის და გადმოსაშლელი პანდუსი.
ავტობუსებში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.
ავტობუსები ასევე აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. განთავსებულია მობილურის დასატენი წერტილები დაWIFI მოწყობილობაც.
თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“.