თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში სამშაბათს, 16 აპრილს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - შენობაში ვიზიტორების შესვლა შეზღუდული იქნება, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარლამენტში დღეს საკომიტეტო მოსმენები, ბიუროს სხდომა და პლენარული სესიაა ჩანიშნული.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე", - ნათქვამია განცხადებაში.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.
უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზანი პარლამენტის შენობაში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაა.
საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების მსგავსი რეჟიმი გუშინაც მოქმედებდა - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის განხილვის პარალელურად, გუშინ პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე გვიან ღამემდე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმები. აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს.
გუშინ 11-საათიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღეს, 12:00 საათიდან განახლდება. კიდევ ერთი აქცია კი საღამოს 19:00 გაიმართება.
კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, რომელიც მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციის ფონზე გაიწვია, ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ერთ რიგში აყენებს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.