დეზინფორმაციული შტურმი: პაპუაშვილი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის გარშემო აჟიოტაჟზე

პოლიტიკოსის აზრით, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ ოპოზიციას რეალური არგუმენტები არ აქვს
Sputnik
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი არის დეზინფორმაციული შტურმი ქართულ საზოგადოებაზე, რა დროსაც საღი აზრის ჩახშობას ლოზუნგებითა და დოგმებით ცდილობენ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 12-საათიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხის განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა. წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. კანონპროექტის მიღებაზე საქართველოს ხელისუფლებას უარისკენ მოუწოდა დასავლეთმაც.

„ჩვენ, ახლა, ქართულ საზოგადოებაზე დეზინფორმაციული შტურმის მოწმენი ვართ, სადაც ისინი კიდევ ერთხელ ცდილობენ საღი აზრის ჩახშობას ლოზუნგებითა და დოგმებით. ამ პროცესსაც აქვს თავისი აღწერა. ამას ჰქვია დოგმატიზმი, როცა არგუმენტების მოყვანის ნაცვლად საზოგადოებას არგუმენტის სახით მოსაზრებას სთავაზობენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მტკიცება, რომ ეს რუსული კანონია, დოგმატურია. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ცხრა საათის განმავლობაში სვამდა მთავარ კითხვას - რატომ?, რაზეც, პაპუაშვილის თქმით, არგუმენტირებული პასუხი არ მიუღია.
„ვინაიდან, იმისთვის, რომ გამოავლინო დოგმატური არგუმენტები და დოგმატიზმი, არსებობს ერთი მარტივი ხერხი, ეს არის მარტივი კითხვა – რატომ? ამ კითხვაზე როდესაც არ არის არგუმენტირებული და ლოგიკური პასუხი, ე.ი. ჩვენ საქმე გვაქვს დოგმასთან, რწმენასთან, რომელიც უნდათ წარმოადგინონ, როგორც არგუმენტი", - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, ოპონენტების პასუხი არის ის, რომ უცხოეთში ვიღაცას არ მოსწონს ეს კანონი და ბრიუსელი და ვაშინგტონი კი ამბობენ - „არა".
„ამ ქვეყანას გამოვლილი აქვს სხვადასხვა ეტაპი თავის ცხოვრებაში და ამ ხალხსაც გამოვლილი აქვს სხვადასხვა ეტაპი. ჩვენ ბოლო 30 წელია ერთი რამ ვიცით - მთავარია, რას ამბობს ქართველი ხალხი და არა ის, რას გვეუბნება ესა თუ ის ადამიანი", - განაცხადა სპიკერმა.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კანონპროექტთან დაკავშირებით დოგმატური არგუმენტები მოჰყავთ უცხოელ აქტორებსაც, რომლებიც ამბობენ, რომ კანონი არ უნდა იქნას მიღებული, რადგან საზოგადოების გარკვეული ნაწილი მისი წინააღმდეგია.
„როდესაც ვეკითხებით საზოგადოების ამ ნაწილს თუ რატომ არ გინდათ კანონის მიღება, მათი პასუხია - უცხოელები გვეუბნებიან, არ მიიღოთო. ასეთი ურთიერთმითითება მიდის", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
სინამდვილეში არის მცდელობა, რომ ჩვეულებრივი დოგმატიზმით აუკრძალონ საზოგადოებას აზროვნება, დასძინა სპიკერმა.
„ვხედავთ, რომ საზოგადოებამ ეს ეტაპი გამოიარა და ძალიან კარგად ხვდება, რომ მსჯელობის ალტერნატივა არ არსებობს. დოგმებით საუბარი და მსჯელობის ჩახშობა აღარ გამოუვათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
გუშინ, აქციის ინიციატორებმა - ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა - სკანდალური კანონპროექტის მიღების მოწინააღმდეგეებს პარლამენტის შენობასთან აქციის გაგრძელებისკენ მოუწოდეს. საპროტესტო აქცია დღეს, 12:00 საათიდან განახლდა. კიდევ ერთი აქცია კი საღამოს 19:00 საათზეა დაგეგმილი.
კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, რომელიც მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციის ფონზე გაიწვია, ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
სკანდალური კანონპროექტი
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.