დეპუტატმა უმსხვილესი ფონდები საქართველოში რადიკალური ძალების დაფინანსებაში დაადანაშაულა

ოხანაშვილის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ფინანსების შესახებ, რომლის თაობაზეც დღეს მონაცემები არ არსებობს.
Sputnik
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტებში მოწოდება „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების „დროას“ და „სირცხვილიას“ სახელით, რომლებსაც აფინანსებენ „დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი" (NED) და „ეროვნული ფონდი დემოკრატიისთვის" (EED), განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „უცხოური დაფინანსების შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ 2023 წელს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევის მთავარი პირობა იყო NED-ის და EED-ის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება. თუმცა, ორივე ფონდმა უარი თქვა ქართველი ხალხისთვის ინფორმაციის გამჟღავნებაზე, თუ რა პროექტებს აფინანსებენ საქართველოში.
„საინტერესოა, რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება, წახალისება, რომ „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით და მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციებს ვებგვერდზე განთავსებული აქვთ, რომ მათი დონორები არიან NED, EED, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „ჰელსინკის ფონდი“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ფინანსების შესახებ, რომლის თაობაზეც დღეს მონაცემები არ არსებობს.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების წინააღმდეგ უკვე გამოვიდა როგორც „დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი", ისე „ეროვნული ფონდი დემოკრატიისთვის".
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.