თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. 11-საათიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
პარლამენტში სკანდალური კანონპროექტის განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა - ოპოზიციონერი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში, შენობის გარე პერიმეტრზე კი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები ამ დრომდე აპროტესტებენ კანონის მიღებას და მმართველ პარტიისგან მის უკან გაწვევას მოითხოვენ.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, კანონპროექტის მიზანია, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს კი აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.
ამავე დროს, ცვლილებებით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები – იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; თუ დოკუმენტებში ხარვეზები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, ჯარიმა 10 ათასი ლარი იქნება; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ათასი ლარის ოდენობით.
„გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შემდეგ, რომელიც 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე პარლამენტიდან გაიწვიეს, საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ. მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.