თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუშალოს ხელი შეკრების მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელებაში, ნათქვამია სახალხო დამცველი აპარატის განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია დილიდან იმართება, სამართალდამცველების მობილიზებაა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატი თვალს ადევნებს აქციის მიმდინარეობას, რომელიც მშვიდობიან ხასიათს ატარებს და მონაწილეები პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ.
„შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისთვის სახალხო დამცველის დაკვირვებით, არ იკვეთება შეკრების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, შესაბამისად არ არსებობს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი, აღნიშნულია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
როგორც შსს-ს მირ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
საღამოსთვის აქციის მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ნაწილი პარლამენტის შენობის წინ იმყოფება, ნაწილს კი სურდა პარლამენტის შენობისთვის მშვიდობიანი მსვლელობით წრე შემოერტყათ, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.
11-საათიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
„გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შემდეგ, რომელიც 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე პარლამენტიდან გაიწვიეს, საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ. მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.