რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ამ დროისთვის 4 პირია დაკავებული

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს
Sputnik
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ამ დროისთვის 4 პირია დაკავებული.
მისი თქმით, დაკავებული მოქალაქეები არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, აგრესიულად მოქმედებდნენ და პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ.
„ამ ეტაპზე შსს-ის მხრიდან დაკავებულია ოთხი პირი. მიმდინარეობს აქცია, ხდება იმ დესტრუქციული ძალების განეიტრალება, დაკავება, რომლებიც ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას. ისინი აგრესიულად გამოირჩევიან, შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, უწევენ ფიზიკურ წინააღმდეგობას და მათი განეიტრალება ხდება“, - განაცხადა კუპატაძემ ჟურნალისტებთან.
რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია დილიდან იმართება, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
საღამოსთვის აქციის მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ნაწილი პარლამენტის შენობის წინ იმყოფება, ნაწილს კი სურდა პარლამენტის შენობისთვის მშვიდობიანი მსვლელობით წრე შემოერტყათ, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
როგორც შსს-ს მირ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
11-საათიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
„გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შემდეგ, რომელიც 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე პარლამენტიდან გაიწვიეს, საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ. მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.