საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს

როგორც წესი, ქართული ენის დღე მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება, იმართება გამოფენები და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები.
Sputnik
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. დღეს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება.
ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 46 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა.
საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები ტარდება.
ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა, რომელზეც მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს.
ქართული ენა უძველესი ენაა. მას უწყვეტი წერითი და ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია, რომელიც ქრისტიანობის მიღების შემდეგ, ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში გაჩნდა.
2016 წლის 30 ნოემბერს ქართული დამწერლობის სამი სახეობა იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
ადრეული საუკუნეებიდან გამოიყენებოდა ძველქართული დამწერლობა მრგლოვანი (ასომთავრული). IX საუკუნიდან – ნუსხური დამწერლობა (საეკლესიო), ხოლო XI საუკუნიდან – მხედრული (სამოქალაქო) დამწერლობა.
ქართულ ენაზე დაწერილი უძველესი ნაწარმოები – იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ 476 წლით თარიღდება.