„გირჩმა“ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ალტერნატივა მოამზადა: შეფასებები

ორშაბათს, პარტია „გირჩი“ პარლამენტის ბიუროს პოლიტიკური ლობიზმის დასაშვებობის შესახებ კანონპროექტს წარუდგენს
Sputnik
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. თუ პარტია „გირჩის“ ინიციატივა პოლიტიკური ლობიზმის დასაშვებობის შესახებ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების გარკვეული წრის მხარდაჭერას მოიპოვებს, მისი განხილვა პარლამენტში იქნება შესაძლებელი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ორშაბათს, 15 მარტს პარტია „გირჩი" პარლამენტში პოლიტიკური ლობიზმის დასაშვებობის შესახებ კანონპროექტს წარადგენს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ხელახლა ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ალტერნატივაა - აღნიშნული კანონპროექტი მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტის საპროტესტო აქციების ფონზე უკან გაიწვია.
„ჩემი აზრით, ეს არის უმცირესობის უმცირესობის აზრი და თუ იგი რაიმე მხარდაჭერას მოიპოვებს სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების გარკვეულ წრეში მაინც, არა ფართო მასებში, არამედ გარკვეულ წრეებში მაინც, შეიძლება ამაზე მსჯელობა", - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, საჭიროა დრო, რომ გაირკვეს, ეს კანონპროექტი გასცდება თუ არა „ხვიჩიას მოსაზრებებს".
თავის მხრივ, კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტში ჩანს ანტიამერიკული განწყობა, რაც დაუშვებელია.
დეპუტატ იაგო ხვიჩიას თქმით, ამერიკული ფულის კონტროლი, როდესაც რუსული ფული არ კონტროლდება, საბოლოო ჯამში საქართველოს დატოვებს რუსული უკონტროლო და უალტერნატივო სახსრების ამარა.
საპარლამენტო უმრავლესობამ იმ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გაიწვია. მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება. ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.