თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოსა და პაკისტანს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა - შეთანხმება დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მქონე მოქალაქეების გადაადგილებას ეხება.
შესაბამისი შეთანხმება საქართველოსა და პაკისტანს შორის 2023 წლის სექტემბერში გაფორმდა, თუმცა ამოქმედდა 2024 წლის აპრილში.
საკანონმდებლო მაცნის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ და ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს, უფლება აქვთ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, დატოვონ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე არაუმეტეს 90 დღისა ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.
დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ და დატოვონ მასპინძელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, რომელიც ღიაა საერთაშორისო მიმოსვლისთვის, ნათქვამია დოკუმენტში.
საქართველოსა და პაკისტანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 12 მაისს დამყარდა.
2024 წლის მარტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა განკარგულებას თბილისში პაკისტანისა საკონსულოს გახსნის შესახებ. მთავრობის 15 მარტის განკარგულებით, გაიცა თანხმობა ქალაქ თბილისში საპატიო კონსულის მეთაურობით ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკისა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების გახსნაზე.