საეკლესიო კალენდარი: 13 აპრილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 აპრილს მღვდელმოწამე იპატიოსის, ღანგრის ეპისკოპოსის, ღირსი აპოლონ ეგვიპტელის, მღვდელმოწამეების: აბდია ეპისკოპოსის და ბენიამენ დიაკონის, ღირსი იპატიოსისა, რუფიანელი იღუმენისა ხსენების დღეს აღნიშნავს
Sputnik
„Sputnik საქართველო" მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
მღვდელმოწამე იპატიოსი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 13 აპრილი მღვდელმოწამე იპატიოსის, ღანგრის ეპისკოპოსის (დაახ.+326) ხსენების დღეა.
მღვდელმოწამე იპატიოსი პაფლაგონიაში მოღვაწეობდა. 325 წელს მონაწილეობდა I მსოფლიო საეკლესიო კრებაში, რომელმაც ანათემას გადასცა არიოზის ერესი. 326 წელს, როცა წმიდა იპატიოსი კონსტანტინეპოლიდან ღანგრში ბრუნდებოდა, გზად თავს დაესხნენ მწვალებელ ნობათისა და ფელიცისმის მიმდევრები. ერეტიკოსებმა ეპისკოპოსი დაჭრეს და ჭაობში გადააგდეს. პირველმოწამე დიაკვნის სტეფანეს მსგავსად იპატი აკურთხებდა მკვლელებს. ერთი არიოზის მიმდევარი ქალის ნასროლი ქვა თავში მოხვდა წმიდანს და მოკლა. მწვალებლებმა წმიდა იპატიოსის ნეშტი გამოქვაბულში გადამალეს, სადაც ერთმა გლეხმა იპოვა. ღანგრელებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმთავრის ნაწილები. მღვდელმოწამე იპატიოსის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.
საეკლესიო კალენდარი: 12 აპრილი
ღირსი აპოლონ ეგვიპტელი
საეკლესიო კალენდრში 13 აპრილი ღირსი აპოლონ ეგვიპტელის (IV) ხსენების დღეა.
აპოლონი 15 წლის ასაკში განმარტოვდა თებაიდის უდაბნოში და იქ 40 წელი გაატარა. შემდგომ ღვთის მინიშნებით ჰერმოპოლთან ახლოს დააარსა მონასტერი, სადაც თანდათანობით 500-მდე ბერი შეიკრიბა. წმიდა აპოლონი მკაცრი მმარხველი იყო. ცეცხლზე დამზადებულ საზრდელს მხოლოდ კვირაობით ღებულობდა, სხვა დროს ბალახეულით იკვებებოდა.
ღირსი აპოლონის მაგალითს მიბაძეს სხვა ბერებმაც. წმიდა მოღვაწე მიიცვალა IV საუკუნეში.
მღვდელმოწამე აბდია ეპისკოპოსი და ბენიამის დიაკონი
საეკლესიო კალენდარში 13 აპრილი მღვდელმოწამე აბდია ეპისკოპოსის და ბენიამის დიაკონის (+418-424) ხსენების დღეა.
წმიდა აბდია სპარსეთში მოღვაწეობდა. მაზდეანური ტაძრის დანგრევისათვის მღვდელმთავარს სპარსეთის მეფემ, იეზდიგერდ I-მა (401-402) ტაძრის აღდგენა დაავალა. წმიდა აბდიამ უარყო შემოთავაზებული წინადადება, რასაც ქრისტიანული ეკლესიის დარბევა და ქრისტიანთა დევნა მოჰყვა. პირველი მსხვერპლი თვით აბდია იყო. ხანგრძლივი წამების შემდეგ, სპარსეთის ქალაქ სუზაში წმიდა აბდიას თავი მოკვეთეს. ერთი თვის მერე აწამეს სხვა ქრისტიანებიც, მათ შორის დიაკონი ბენიამინი.
საეკლესიო კალენდარი: 11 აპრილი
ღირსი იპატიოსი, რუფიანელი იღუმენი
საეკლესიო კალენდარში 13 აპრილი ღირსი იპატიოსის, რუფიანელი იღუმენის (+446) ხსენების დღეა.
იპატიოსი დაიბადა ფრიგიაში (მცირე აზია) .ოჯახში მან კარგი განათლება მიიღო. ერთხელ 18 წლის ჭაბუკი მამამ დასაჯა. გაბრაზებულმა იპატიოსმა სახლი დატოვა და თრაკიაში (ბალკანეთი) გაემგზავრა. თავდაპირველად ღორებს მწყემსავდა, შემდეგ კი პრესვიტერთან დასახლდა, რომელიც ფსალმუნთა გალობას ასწავლიდა. მალე ღვთის რჩეული ერთერთ მონასტერში ბერად აღიკვეცა. სიძვის ცდუნებით შეშინებულმა 50 დღე უმკაცრეს მარხვაში გაატარა, შემდეგ კი მონასტრის წინამძღვრის კურთხევით მწუხრის ლოცვაზე ნაკურთხი ღვინო და პური მიიღო და ცოდვისაგან განიწმიდა. მოღვაწეობისათვის ახალი ადგილის ძებნაში ღირსი იპატიოსი ორ ბერთან ერთად ქალკედონიის ახლოს, რუთინის მიტოვებულ სავანეში დასახლდა. მალე მონასტერი აღსდგა და აქ მრავალმა ბერმა მოიყარა თავი. 40 წლის ასაკში ღირსი იპატიოსი სავანის იღუმენად აირჩიეს და 40 წელი განაგებდა საძმოს. მკაცრი ცხოვრებისა და მოყვასის სიყვარულის გამო ღირსი იპატი უფლისაგან სასწაულმოწმედებისა და კურნების ნიჭით დაჯილდოვდა. მისი ლოცვით მონასტერში პური მრავლდებოდა, ეშმაკეულებს გონება უბრუნდებოდათ, ავადმყოფები იკურბებოდნენ. ღირსი იპატიოსი მიიცვალა დაახლოებით 446 წელს, 80 წლის ასაკში. სიკვდილის წინ მან იწინასწარმეტყველა მომავალი უბედურებები: გამანადგურებელი სეტყვა, მიწისძვრა და ატილას თავდასხმა თრაკიაზე.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით