ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 45 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები გაიმართა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა 12 აპრილს გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ: პოეტი, პუბლიცისტი ნინო ქუთათელაძე; პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი; და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ავთანდილ არაბული.
დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში 14 აპრილის შეფასებით დაიწყო.
„14 აპრილი ძალიან დიდი დღე იყო, როდესაც ქართველმა ხალხმა დაიცვა თავისი კონსტიტუციური უფლება, დაიცვა თავისი მშობლიური ენა და გარკვეული პირობები შექმნა ამ ენის განმტკიცებისათვის“, - აღნიშნა ნინო ქუთათელაძემ.
ავთანდილ არაბულის შეფასებით, საქართველოს ისტორიაში 14 აპრილი ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ დღედ ჩაიწერა.
„ამ დროიდან დაიწყო სერიოზული ფიქრი ეროვნული ენის განვითარების პრობლემებზე, დაიწყო ბრძოლა ბარბარიზმების წინააღმდეგ… ყველა ცდილობდა გამართული ქართულით ემეტყველა“ , - განაცხადა აკადემიკოსმა.
პრობლემები და გამოწვევები
მწერალმა დავით შემოქმედელმა ქვეყნისთვის სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ გამოწვევებს გაუსვა ხაზი, რომლის წინაშეც დღეს ქართული ენა აღმოჩნდა.
„ჩვენ ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ და ორი დიდი დინოზავრი- ტელევიზია და ინტერნეტი უტევს ქართულ სახელმწიფო ენას და ეს ძალიან დიდი პრობლემაა“ , - აღნიშნა მან.
მწერალი მიიჩნევს, რომ ენა არის ერის სული. სახელმწიფოებრიობის და ეროვნული ცნობიერების ხარისხს განსაზღვრავს ენისადმი დამოკიდებულება, ამიტომ მასმედიამ უფრო დიდი საეთერო დრო უნდა დაუთმოს ქართულ ენას.
გლობალიზაციის პირობებში უფრო მეტია იმის საშიშროება, რომ ენა დაბინძურდეს და მასში ბარბარიზმების პროცენტი გაიზარდოს, აღნიშნა დავით შემოქმედელმა.
რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტს არც თანამედროვე ქართული ლიტერატურა დარჩენია ყურადღების მიღმა.
„თუ ადრე მწერალი განისაზღვრებოდა იმით, თუ როგორი მდიდარი იყო მისი ენა, დღეს სულ რამდენიმე ასეული სიტყვის მეტს მწერალი არ იყენებს თავის ნაწარმოებში. ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდი მდგომარეობაა... რაც შეეხება ლიტერატურის მიმართ ინტერესს, სამწუხაროდ ის შენელებულია, იმიტომ რომ საზოგადოება არის აშკარად პოლიტიზირებული და ეს იწვევს ლიტერატურისადმი ინტერესის გაქრობას“, - აღნიშნა დავით შემოქმედელმა.
პოლიტიკოსების სასაუბრო ენასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გააჩნია ნინო ქუთათელაძეს.
„ყოველთვის ვაკვირდებოდი ხოლმე, როგორ საუბრობდნენ პოლიტიკოსები. უნდა ითქვას , რომ პოლიტიკოსების 80 პროცენტმა კარგი ქართული არ იცის”, - აღნიშნა მან.
პუბლიცისტის აზრით, საჭიროა ცალკე შეიქმნას ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო.
„ახლა ერთად არის ლიტერატურა და გრამატიკა და ისიც საკითხავია, რომელი ლიტერატურაა. იმიტომ რომ წიგნს აწერია ქართული და იქ ქართული ნახევარზე ნაკლებია. უფრო უცხოური ლიტერატურაა დაბეჭდილი და ესეც რა თქმა უნდა პრობლემას ქმნის. აქედან შემოდის ბარბარიზმებიც“, - აღნიშნა ნინო ქუთათელაძემ.
მრგვალი მაგიდის მონაწილეების აზრით, კრიტიკას ვერ უძლებს სახელმწიფოს მიერ გატარებული განათლების პოლიტიკაც.
ავთანდილი არაბული თვლის, რომ მეტყველების კულტურა ადამიანს სკოლიდან უნდა მოჰყვებოდეს.
კიდევ ერთი პრობლემა ენის სპეციალისტების კვალიფიკაციაა.
„ევროპული ენებიდან თარგმანების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ კონტროლი შემცირდა, რადგან კვალიფიციური რედაქტორები არ არიან”, - მიაჩნია აკადემიკოსს.
სად არის გამოსავალი
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ისაუბრეს როგორ შეიძლება გამოსწორდეს შექმნილი მდგომარეობა და როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ.
გამოითქვა აზრი, რომ მართალია საქართველოში ენის სიწმინდის დასაცავად შესაბამისი კანონმდებლობა არსებობს, თუმცა მისი აღსრულება სათანადოდ არ ხდება.
„ჩვენ უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს პირველ რიგში საკანონმდებლო დონეზე და მერე ინსტიტუციურად. ეს არის აუცილებელი. სხვანაირად ენთუზიაზმის დონეზე არაფერი მუშაობს... კანონი მივიღეთ, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი დაფინანსებულია, მაგრამ ნაბიჯი არ გადაუდგია წინ, იმიტომ რომ არ მუშაობს ეს მექანიზმი, არ არის კონტროლი”, - აღნიშნა ავთანდილ არაბულმა.
მისი აზრით, ამისათვის ძალიან სერიოზული სახელმწიფო პოლიტიკაა საჭირო.
„ეს ევროპასაც აწუხებს, იმიტომ რომ ციფრულმა ეპოქამ სულ სხვა გამოწვევები შექმნა ძალიან სერიოზული გამოწვევები შექმნა. პირდაპირ ლაპარაკობენ ევროპაში, რომ ის ენები, რომლებიც ვერ უპასუხებენ ამ ციფრული ეპოქის გამოწვევებს დაკარგავენ განვითარების შესაძლებლობას. ციფრული სიკვდილი დაარქვეს ამას. ჩვენ არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს“, - განაცხადა არაბულმა.
როგორც აკადემიკოსმა განმარტა, უნივერსიტეტის დაფუძნების შემდეგ ქართულად ყველა დარგის ტერმინოლოგია შეიქმნა და ასზე მეტი ლექსიკონი არსებობს.
„დღეს არც ერთი აღარ გვაქვს.. ლექსიკონები მუდმივად უნდა აწარმოო და ამ ეტაპზე უკვე ელექტრონულად. ამ თვალსაზრისით ძალიან ცუდ დღეში ვართ და ამას სახელმწიფო პოლიტიკა და დაფინანსება სჭირდება”, - მიაჩნია ავთანდილ არაბულს.