თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში 33 წლის შშმ პირი ისააკ გუსეინოვი მოკლეს, იუწყება „ტვ პირველი“.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულს აქვს გამოჭრილი ყელი და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მეზობლებმა მისი ცხედარი ორდღიანი ძებნის შემდეგ ტყეში სოფელ შაუმიანის მიმდებარედ იპოვეს.
ადგილობრივების განცხადებით, გუსეინოვი დამოუკიდებლად არსად არ გადაადგილდებოდა.
ბოლნისის მაცხოვრებლების ცნობით, კაცი თავდამსხმელებმა სახლიდან რამდენიმე დღის წინ მოტყუებით გაიტაცეს, შემდეგ სასტიკი მეთოდებით აწამეს და მოკლეს.
„ყელი ჰქონდა გამოჭრილი. კბილები სულ ჩამსხვრეული ჰქონდა და სხეულზე ცემის კვალი აღენიშნებოდა. ნაწამებია. ვითხოვ ობიექტურ გამოძიებას. არ ვიცი, ვის შეიძლება, რომ მოეკლა. შშმ პირი იყო. არავისთვის არაფერი არ დაუშავებია. საუბარიც არ შეეძლო“, - ამბობს ოჯახის წევრი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის.