თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარებისა და საარჩევნო უბნების გახსნის საკითხში საარჩევნო კოდექსის დებულებების შესაბამისად მოქმედებს, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ამ თარიღამდე ორი თვით ადრე იწყება. პარლამენტის წევრებს აირჩევენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
„არჩევნების დანიშვნის შემდგომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აწვდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ინფორმაციას ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ, რომელიც იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე. ეს ცესკოსთვის შემდგომ ხდება საფუძველი, რომ შექმნას საარჩევნო უბნები შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში - ეს არის საელჩო და საკონსულოები“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კონკრეტულ ლოკაციებზე შეიქმნება საარჩევნო უბნები, ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შექმნილ კომისიებს და მოითხოვონ საარჩევნო რეგისტრაცია. ამის შემდეგაც ასევე ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
„ეს არის იმ სტანდარტსა და პრაქტიკაში, რომელიც დღეს არათუ ევროპული ქვეყნების, არამედ მის მიღმა მსოფლიო მასშტაბით არსებობს, რომელიც ითვალისწინებს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საარჩევნო უბნების შექმნას და შესაბამისად, ამ მიმართულებით სრულ თანხვედრაშია ჩვენი გამოცდილება ამ ყველაფერთან. შესაბამისად, ჩვენი ინსტიტუცია, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, უზრუნველყოფს კანონმდებლობის ზედმიწევნით აღსრულებას“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რომ ამომრჩევლებს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე არ არიან, შეუძლიათ, საარჩევნო უბნების შექმნა მოითხოვონ.
„კანონმდებლობა ითვალისწინებს, თეთრზე შავით, მარტივ მოცემულობას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ საარჩევნო უბნების გასახსნელად საკონსულო აღრიცხვაზე უნდა იმყოფებოდეს არანაკლებ 50 და არაუმეტეს სამი ათასი ამომრჩეველი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
მანამდე ცესკოში განაცხადეს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე 2024 წლის 7 ოქტომბრამდე უნდა დადგნენ.
არსებული კანონმდებლობით, იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქემ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მოიპოვოს, ის უნდა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საცხოვრებელ ქვეყანაში. ეს პროცედურა არ საჭიროებს არანაირ დამატებით საბუთებს, გარდა საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტისა ან ქვეყანაში ყოფნის საფუძვლების დადასტურებისა. შესაძლებელია განაცხადის ფოსტით გაგზავნაც. პროცედურა სრულიად უფასოა.
2023 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით 62,6 ათასს შეადგენს, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს 62.598 მოქალაქიდან 1.501 არასრულწლოვანია. ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის საკონსულოშია რეგისტრირებული – 19.039 ადამიანი. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი (6.848) და აშშ (5.199).
ევროკავშირის ქვეყნებში საკონსულო აღრიცხვაზე 33.418 საქართველოს მოქალაქეა. ამ ქვეყნების გარდა, საბერძნეთის შემდეგ, ლიდერობენ გერმანია, იტალია და საფრანგეთი.