თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. გვითხრან, ევროკომისიის ცხრა პირობიდან რომელ პუნქტს ეწინააღმდეგება კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ჩვენ ვუპასუხებთ, მაგრამ ჯერჯერობით მათი კრიტიკა უსაფუძვლოა“, - განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობამ იმ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გაიწვია. მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება იმით ახსნა, რომ გამჭვირველობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება. ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
„გვესმის კრიტიკა, საფუძველს არ ასახელებენ. გვითხრან, 9 დათქმის ნაწილში რომელ პუნქტს ეწინააღმდეგება დაინიცირებული კანონპროექტი და გავცემთ პასუხს”, - განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირს არაფერი აქვს გამჭვირვალობის საწინააღმდეგო და სამოქალაქო საზოგადოებას აქვს საკუთარი ვალდებულებები, მათ შორის საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.
თუმცა, ელჩის თქმით, ხელისუფლების ლეგიტიმური შეშფოთება არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით არ უნდა გახდეს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების სტიგმატიზაციისა და სივრცის შეზღუდვის მიზეზი.
ევროკავშირის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონი არ არის არც ევროპული და არც ამერიკული. მისი თქმით, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის სხვა გზებიც არსებობს და გამჭვირვალობა არ უნდა მიიღწეოდეს მნიშვნელოვანი და არსებითი სამუშაოს შესაძლებლობების შეზღუდვის ხარჯზე.
ამის საპასუხოდ, მმართველი პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ საქართველოს კანონი ევროკომისიის დირექტივაზე უფრო რბილია.
„ჩვენ ერთი წელი მოვუნდით იმას, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან სიტყვა „რუსული“ აღარ თქმულიყო, არ ვლაპარაკობ ცალკეულ ევროპარლამენტარებზე. ერთი წელი მოვუნდით, რომ სიტყვა რუსული ამოვარდნილიყო და ახლა არის ევროკავშირთა შეუსაბამო თურმე ის კანონი, რომლის მსგავსი კანონმდებლობა კიდევ უფრო მკაცრი ევროკავშირშია დაინიცირებული. ასევე, გაცილებით მკაცრი კანონი ქვედა პალატამ უკვე საფრანგეთში მიიღო და მოქმედებებს აშშ-ში და სხვა ქვეყნებში, დემოკრატიულ ცივილიზებულ სამყაროში“, - განაცხადა მდინარაძემ.
მან აღნიშნა, რომ ქართულ კანონში ერთი მუხლი განსხვავდება სხვა ქვეყნების კანონებისგან და არ ეხება ფიზიკურ პირებს.
„მეორე მუხლი არის მთავარი განმასხვავებელი ყველა სხვა დანარჩენისგან ამიტომ არის ყველაზე არამკაცრი, რომ ფიზიკურ პირებს საქართველოში ჩვენი კანონპროექტი არ მოიცავს. მათ შორის, ფრანგულში, ამერიკულში, რუსულში ყველგან არის ფიზიკური პირი, ობიექტი ამ კანონმდებლობისა. მხოლოდ ქართულში არ არის ფიზიკური პირი“, - განაცხადა მდინარაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სახელწოდება ნაკლებად მკაცრია, ვიდრე ამერიკულ და რუსულ ვარიანტში, მაგრამ იგივეა, რაც ევროკავშირის დირექტივაში ან სხვა ქვეყნების კანონმდებლობაში - მაგალითად, საფრანგეთში.
გარდა ამისა, მდინარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებასაც გამოეხმაურა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია, რომ კანონპროექტი უარყოფითად იმოქმედებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უნარზე, დაეხმარონ ქართველ ხალხს ყოველდღიურად.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ კანონპროექტი არ ჰგავს აშშ-ში მოქმედ კანონმდებლობას. აშშ-ში არსებული კანონი ავალდებულებს რეგისტრაციის გავლას იმ ორგანიზაციებსა და პირებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოური მთავრობებისა და ინტერესების ლობირებაში იღებენ, ამბობს ელჩი.
„ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ამერიკის მოქმედი ელჩის მიმართ, რომ მისი განწყობა და დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვა არის და ამის არ აღნიშვნა არ შეიძლება, თუმცა მან გაგვაკრიტიკა გუშინ და თქვა, რომ ეს არ არის ამერიკული კანონი და მართალი თქვა. შარშან ორი კანონიდან ერთი იყო პირდაპირი თარგმანი და ამას რუსული დაარქვეს და ეს არის გაცილებით ლოიალური ვერსია, არამკაცრი, სადაც ვალდებულება მხოლოდ დარეგისტრირებაში და დეკლარაციის შევსებაშია, მეტი ვალდებულება არ არსებობს ჩვენ დაინიციირებულ პროექტში, განსხვავებით სხვა ქვეყნების კანონებისგან“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, საქართველოს აქვს უფლება, გააჩნდეს საკუთარი შეხედულებები და დაიცვას ისინი პარტნიორების წინაშე, რაც ქვეყანაზე დადებითად აისახება.
„ეს ქვეყანა ბედავს, რომ მეგობრებს, პარტნიორებს ეკამათება მიუხედავად იმისა, რა ზომის და გავლენის არ უნდა იყოს ეს ქვეყანა თუ მეგობარი. ეს ძალიან კარგია, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ეროვნულ თავმოყვარეობის ხარისხს მაღლა სწევს. ვიღაცებს ეს ანტიევროპულად მიაჩნიათ, რას ჰქვია თანაბრად ელაპარაკები შენ ევროპელს ან ამერიკელსო, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი“, - განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მიზნად ისახავს მხოლოდ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ხოლო ოპოზიციონერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ის მიმართულია სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ და ამით ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას უკარგავს.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
უფრო მეტიც, მაგალითად, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტთან (FARA - ამერიკული კანონი) შედარებით, რომლის დარღვევაც პატიმრობას ითვალისწინებს, ქართული კანონპროექტი გაცილებით ლიბერალურია. კანონპროექტი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს მხოლოდ დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან შემოდის, ხოლო კანონის დარღვევისთვის მხოლოდ ჯარიმებია გათვალისწინებული.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.