თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია, რადგან ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დონორების შესახებ არ არის გამჭვირვალე და არც იძებნება, რაც პრობლემას წარმოადგენს, განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მიზნად ისახავს მხოლოდ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ხოლო ოპოზიციონერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ის მიმართულია სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ და ამით ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას უკარგავს.
„მთელი წელია გვესმის, რომ დონორების შესახებ ინფორმაცია არის გამჭვირვალე, ყველგან შეიძლება, ნახოთ, თუმცა ეს ასე არ არის“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
ბოჭორიშვილის თქმით, დაფინანსების შესახებ ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ რთულია. ინფორმაცია არ არის არც იმ დონორების საიტებზე, რომლებიც აფინანსებენ გარკვეულ პროექტებს და არც იმ ორგანიზაციების ვებგვერდებზეა, სადაც შეიძლება, საზოგადოებამ იპოვოს ინფორმაცია ამის შესახებ.
„ეს ძალიან ხშირად არ იძებნება და ამაშია პრობლემა. მაშინ, რა გავაკეთოთ, რა არის გზა, რომ ვიცოდეთ, რა თანხები იხარჯება საქართველოში, რას ხმარდება, რამდენად ხმარდება ჩვენს საზოგადოებას და განსაჯოს ეს საზოგადოებამ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის თქმით, თუ მოსახლეობის ინფორმირებულობის საკითხს არჩევნებს დავუკავშირებთ, მაგალითად, როდესაც ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები არჩევნების გაყალბებაზე საუბარს დაიწყებენ, საზოგადოება კითხვის ნიშანს დასვამს, რა ინტერესი დგას ამის უკან?
„კანონპროექტის მიზანი არის ის, რომ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი საზოგადოების ცნობიერება და ცოდნა, ვინ სად დგას, რის უკან და შემდგომ, როცა ვიღაც რაღაცის გაპროტესტებას დაიწყებს, ვიცოდეთ, რა ინტერესი დგას, თუნდაც „კანვასის“ (CANVAS) პროტესტის უკან, რატომ აპროტესტებს „კანვასი“ ან რისთვის ემზადება. ვიცოდეთ, რა არის ამაში ცუდი?“ – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
2023 წლის 26-29 სექტემბერს CANVAS-ის წევრების მიერ ჩატარებული ტრენინგები არის ერთ-ერთი მტკიცებულება სუსის საქმეში, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მიზნით დაგეგმილ არეულობებს ეხებოდა. სუსის მონაცემებით, საქართველოში არეულობები დაიგეგმა 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდებოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. არეულობას ევროკავშირის უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა გამოეწვია.
ოფიციალურად იყო გაცხადებული, რომ ტრენინგები კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა თემაზე „სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლა“. რეალურად კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, CANVAS-ის წევრების ვიზიტის მიზანი იყო იმ ახალგაზრდებთან და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარება, რომლებიც 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დესტრუქციული და უკანონო ქმედებების ბირთვი უნდა გამხდარიყო.
ტრენინგების ორგანიზატორები იყვნენ „CANVAS-საქართველო“ და „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი“ (EWMI), ხოლო დამფინანსებელი - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). USAID-ში განაცხადეს, რომ CANVAS-თან ორ წელზე მეტია თანამშრომლობენ და სწორედ მათ მოიწვიეს ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, როდესაც ზოგიერთი პარტნიორი ატარებს პარალელებს რუსეთთან, ამ დროს არგუმენტებიც უნდა მოიყვანოს.
„ქვეყნის მიმართ როდესაც ასეთი ბრალდებები ისმის, ამას საფუძველი, არგუმენტები სჭირდება. შარშან, შეიძლება, ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა იყო რაღაცნაირად, როდესაც ქვეყნის პარლამენტის წევრს ეუბნები, შენ ეს არ უნდა განიხილო. აბა, რისთვის ვარ მე პარლამენტში? იმისთვის ვარ, რომ ნებისმიერ საკითხზე ვიმსჯელო“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
პარლამენტი არის ადგილი, სადაც პოლიტიკური დებატი უნდა გაიმართოს და ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მიმდინარეობს მსჯელობა, დასძინა ბოჭორიშვილმა.
„წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი, როგორ შეიცვლება პოზიციონირება პარტნიორების მხრიდან, მაგრამ მე მაინც მგონია, პირველ რიგში, განსხვავება უნდა ნახონ, თუკი ეჭვი აქვთ, რომ სხვაგვარია ეს კანონპროექტი. როგორც მოხდა ბრენდირება, პარალელები არსებობს რუსულ კანონმდებლობასთან და კარგად ნახონ, რომ აქ საერთოდ არაფერია საერთო რუსულ კანონმდებლობასთან“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
შეკითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ, ხელისუფლების მხრიდან ამ ყველაფრის ახსნის მიუხედავად, პარტნიორები თავის პოზიციაზე დარჩებიან, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ყველას აქვს უფლება, თავის პოზიციაზე დარჩეს, თუმცა სახელმწიფოსაც ასევე აქვს უფლება, თავისი ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს.
„თუკი ჩვენ ვთვლით, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ეს განხილვა დაწყებულია და უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.