თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობა დააფინანსებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ ქართული ღვინის ფესტივალებს, თემატურ გამოფენებს, კონკურსებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს, ღვინის დარგის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ახალი პროგრამის ფარგლებში, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას“ ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
პროგრამის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი იყოს მეტად მოქნილი და გამჭვირვალე.
პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი გამოფენა-ფესტივალების, კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზატორების დაფინანსება/თანადაფინანსების პირობები და ანაზღაურების ოდენობა, იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომლებიც უნდა წარმოადგინოს პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების მსურველმა იურიდიულმა პირებმა.
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 22 აპრილიდან დაიწყება.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის განაცხადების შესავსები ფორმა განთავსდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.wine.gov.ge პროგრამის დაწყების დღეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების პარალელურად, საქართველოს მასშტაბით, არაერთი ღვინის ფესტივალი, გამოფენა, დეგუსტაცია და კონკურსი იმართება. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის და სხვა ღვინოპროდუქციის პოპულარიზაცია, მეღვინეობის დარგისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებაა.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია
2023 წლის მონაცემებით, ღვინო საქართველოდან ექსპორტირებულ საქონელს შორის მესამე ადგილს იკავებს და მასზე მთლიანი ექსპორტის 4,3% მოდის. რუსეთი წლებია ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში 168,3 მილიონი დოლარის ღირებულების 62,3 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინოა ექსპორტირებული, რაც 4,6%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.
ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში.
სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 2012 წლიდან 1,5 მილიონი ლარიდან 2023 წელს 14 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2024 წელს ამ მიზნით 16 მილიონის დახარჯვა იგეგმება.