თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. შეძლებს კი საქართველო გახდეს ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა, თუ ევროპაში დამკვიდრებული პრაქტიკა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, გახდება აშშ-ის მიერ ქართველი დეპუტატებისთვის სანქციების დაწესების საფუძველი, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.
როგორც ადრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, თუ საქართველო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მიიღებს, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა „მუშაობას სარგებელი მოაქვს საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე". მან ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტი „აიძულებს საქართველოს გადაუხვიოს ევროპულ გზას და ხელი შეუშალოს დამოუკიდებელ მედიას, რომელიც მუშაობს საქართველოს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი ინფორმაციის მიწოდებაზე“. თუმცა, როგორც მილერმა განმარტა, ჯერჯერობით ეს მხოლოდ კანონპროექტია და მას არ სურს წინასწარ განიხილოს „პოტენციური შედეგები ან პოტენციური ნაბიჯები“, რომელიც შეიძლება აშშ-მ გადადგას.
„საქართველოს სურს პარტნიორული ურთიერთობა და საქართველო იყენებს თავად ევროპაში დამკვიდრებულ პრაქტიკას. ამიტომ თუ თავად ევროპაში არსებული პრაქტიკა ჩვენი დეპუტატების სანქცირების საფუძველი გახდება, მაშინ როგორ უნდა ვიყოთ ჩვენ ევროპასთან ასოცირებული?!", - განაცხადა ხუნდაძემ ჟურნალისტებთან.
ან რა პრინციპი და პარტნიორული თანასწორუფლებიანობის ხარისხია, როცა დეპუტატს ემუქრებიან სანქციით, რომ თუ ის კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც უშუალოდ ხალხის წარმომადგენელია, დასძინა დეპუტატმა.
„უნდა შევეშვათ შიშებს, გავუძლოთ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და გავასაჯაროოთ „შავი ფული”, რომელიც სწორედ ასეთ ზეწოლებს ემსახურება", - განაცხადა ხუნდაძემ.
დეპუტატის თქმით, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა, რომელმაც გუშინ 9 აპრილი - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე აღნიშნა.
„ქართულ საზოგადოებას, მით უმეტეს, ახალგაზრდებს, სისხლი იმისთვის არ დაუღვრიათ, რომ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ისევ თავიდან დასაცავი გახდეს. ვისგან ეს უკვე სხვა საკითხია, მთავარია, რომ ის ჩვენს ქვეყანაში დასაცავი არ უნდა გახდეს”, - განაცხადა ხუნდაძემ.
3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გაიწვია. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (FARA) გაცილებით ლიბერალურია. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.