სტეფანწმინდა მსოფლიოს ულამაზეს პატარა ქალაქებს შორის დასახელდა

2024 წლის მსოფლიოს ულამაზესი პატარა ქალაქების რეიტინგის სათავეშია გერმანული ქალაქი როტენბურგ ობ დერ ტაუბერი
Sputnik
თბილისი, 10 აპრილი— Sputnik. დაბა სტეფანწმინდა 2024 წლის მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქების სიაში მოხვდა, რეიტინგი ბრიტანულმა სამოგზაურო მედიაპლატფორმა TimeOut-მა შეადგინა.
სტეფანწმინდა ცნობილი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია. მას 1921-2007 წლებში ყაზბეგი ეწოდებოდა. არის თბილისიდან 165 კილომეტრში და ზღვის დონიდან 1744 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
„სტეფანწმინდა, რომელიც ასევე ყაზბეგის სახელითაა ცნობილი, კავკასიის მთების ხეობაში მდებარეობს. იგი პირდაპირ უყურებს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილს, მე-14 საუკუნეში აგებულ გერგეტის სამების ტაძარს. ბორცვზე აშენებული ეკლესიის გადაღმა მყინვარწვერი მდებარეობს. ეს არის შორეული, ამავდროულად ისტორიულ ადგილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს გზაჯვარედინზე, ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს”, - წერს მოგზაური მწერალი ინდია-ჯეინ ტრაინორი.
სტატიის ავტორის აზრით, სტეფანწმინდა იდეალური ადგილია ტურისტებისთვის, სადაც დამთვალიერებელი იხილავს ყაზბეგის ეროვნულ პარკს, ჩანჩქერებს, ცხელ წყაროებსა და გულის ფორმის ტბას.
რაც შეეხება რეიტინგში შემავალ სხვა ქალაქებს, სტატიის ავტორის აზრით, ეს არის დახვეწილი, ჯადოსნური და ძალიან ლამაზი ადგილები - ნეპალის მთებიდან კალიფორნიის სანაპირომდე.
„ამ ქალაქების სახით თქვენ დამალულ განძს იპოვით“, - წერს გამოცემა.
2024 წლის მსოფლიოს ულამაზესი პატარა ქალაქების რეიტინგის სათავეშია გერმანული ქალაქი როტენბურგ ობ დერ ტაუბერი, მეორე ადგილზეა ვაე რებო (ინდონეზია), მესამეზე კი სიდი ბოუ საიდი (ტუნისი).
სრული სია ასეთია:
როტენბურგ ობ დერ ტაუბერი (გერმანია);
ვაე რებო (ინდონეზია);
სიდი ბოუ საიდი (ტუნისი);
კარმელ ბაი ზე სი (აშშ);
ალბერობელო (იტალია);
ესპერანსა (ავსტრალია);
ოგმაჩი (იაპონია);
გრინდელვალდი (შვეიცარია);
კრალენდიჯკი (კარიბის ნიდერლანდები);
სტეფანწმინდა (საქართველო);
გუატაპე (კოლუმბია);
ილულისატი (გრენლანდია);
ბანფი (კანადა);
საპა (ვიეტნამი);
კლაკსვიკი (ფარერის კუნძულები);
განდრუკი (ნეპალი).