პრემიერი: სპორტის და ხელოვნების პოლიტიკით გასვრა არ შეიძლება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, იგი უკვე ერთი კვირაა ყველაზე განხილვადი თემაა.
Sputnik
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთი ბინძური პოლიტიკით ცდილობენ ქართული სპორტისა და ხელოვნების შეურაცხყოფას, მაგრამ მათ ამის ნება არ უნდა დავრთოთ, დაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.
ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს, აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ საპროტესტო ტალღამ უკვე მოიცვა ყველა სფერო, მათ შორის სპორტი, ხელოვნება და მეცნიერება. ყველაზე მეტად მათი ყურადღება მიიპყრო სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის „სთორმა" - ბავშვის ფოტო ევროკავშირის დროშით ხელში და თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის სცენიდან მსახიობ დავით ბეშიტაშვილის კრიტიკა.
„სამწუხაროა, რომ რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, საერთოდ არ უფრთხილდება ოპოზიცია, რომელიც აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს... მხოლოდ უსამშობლო ადამიანები თუ იკადრებენ იმას, რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ქართული სპორტისა და ხელოვნების წინააღმდეგ კადრულობენ", - დაწერა კობახიძემ.
მისი თქმით, ეს მიუთითებს ოპოზიციის დამოკიდებულებაზე ყველაფერ იმასთან, რაც ქვეყნის იდენტობასთანაა დაკავშირებული.
„ეს იყო მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც კომპრომეტირებულ ხელოვანებს, სპორტსმენებს და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების სამსახურში აყენებდნენ და იგივეა მათი ხელწერა დღესაც", - დაწერა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, რომლისთვისაც ქვეყანა, ქართული სპორტი და ხელოვნება სულერთი არ არის, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, გიორგი გახარიას, მამუკა ხაზარაძის და ეკა გიგაურის პოლიტიკურ ჭუჭყში ქართული სპორტისა და ხელოვნების გასვრა არ დაუშვას.
„კარგად გვესმის, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ", - დაწერა კობახიძემ.
ამასთან, არ ცხრება თბილისის მერის კახა კალაძის სიტყვების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი, რომ ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამა „ნაცია“. ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა როინ ქოჩორაშვილმა შვილის კვალდაკვალ ინტერნეტში გამოაქვეყნა ბავშვის ფოტო „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციიდან, მოგვიანებით კი დაწერა: „საქართველოს გზა ევროპისკენ. ”
მას შემდეგ, რაც კალაძის სიტყვების გამო „ქართული ოცნება“ ოპოზიციური მედიისა და პოლიტიკოსების მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ქოჩორაშვილის „სთორიში“ ფოტოზე მისი დისშვილი იყო, ხელისუფლების ოპონენტებმა კი ამაში აქციის მხარდაჭერის მინიშნება დაინახეს.
პოლიტიკოსის თქმით, ეს მინიშნება რომც იყოს, მდინარაძის თქმით, ის ყოველთვის ქოჩორაშვილს და ნაკრების სხვა ფეხბურთელებს უგულშემატკივრებს.
„ჩვენ, ქართველებს, იგი ყოველთვის გვეყვარება და ის მაინც მაგარი იქნება“, - განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, იგი უკვე ერთი კვირაა ყველაზე განხილვადი თემაა.
3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გაიწვია. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.
საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სკანდალური კანონპროექტი მიზნად ისახავს მხოლოდ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ოპოზიციონერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ იგი მიმართულია სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ და ქვეყანას ართმევს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას.