გამონაბოლქვი გზებზე: შვიდ თვეში 4,5 ათასზე მეტი მძღოლი დაჯარიმდა

მოქალაქეებს ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე.
Sputnik
თბილისი10 აპრილი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟებმა 2023 წლის 4 სექტემბრიდან მიმდინარე წლის 4 აპრილის ჩათვლით პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 4.568 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი გასული წლის 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაიწყო. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეკიპაჟები სატრანსპორტო საშუალებებს გზაზე შერჩევით აჩერებენ. კონკრეტული ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ხორციელდება.
„ყველაზე მეტი - 2.107 ჯარიმა დაწერეს თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე; 977 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 812 - ბათუმში, 672 კი ქალაქ რუსთავში", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, 4.568 ჯარიმიდან 3.955 ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა; 613 შემთხვევაში კი იურიდიული პირები დაჯარიმდნენ.
ჯარიმების საერთო რაოდენობიდან 2.767 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლებზე გამოიწერა, 1.575 - მიკროავტობუსის, 225 - სატვირთო ავტომობილის, 1 კი ავტობუსის მძღოლის სახელზე.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, ფიზიკური პირის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია განსაზღვრულია 100 ლარით, ხოლო 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა სამმაგდება და 300 ლარი გახდება. თუ 15 დღის განმავლობაში დარღვევა კვლავ გამოვლინდება, ჯარიმის ოდენობა 600 ლარი იქნება.
იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1,5 ათასი და 3 ათასი ლარია. თუ პირი ჯარიმას 10 დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შემცირდება.
მოქალაქეებს ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე: www.des.gov.ge.