რატომ დაბლოკა „ფეისბუქმა" „უცხოური აგენტების შესახებ" მმართველი პარტიის ბანერები?

Sputnik
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოში Meta*-ის კონტრაქტორი კომპანიების მიერ მიწოდებული სპეკულაციური ინფორმაციის საფუძველზე დაიბლოკა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დაკვეთით გავრცელებული „უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტზე საინფორმაციო ბანერები, განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გაიწვია. მმართველმა პარტიამ არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირველობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება. ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მ, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
„მათ არ აქვთ არგუმენტები, ამიტომაც ცდილობენ, დაბლოკონ. „ფეისბუქმა" რის საფუძველზე დაბლოკა პოლიტიკურ დებატებში ერთი მხარის არგუმენტები? საქართველოდან ძალიან სპეკულაციური და ძალიან მდაბიო ინფორმაცია მიაწოდეს მათი კონტრაქტორი კომპანიებიდან - სერგი კაპანაძე და სხვები რომ ხელმძღვანელობენ. „ფეისბუქს" ჰყავს თავისი კონტრაქტორები, რომლებიც ასე სპეკულაციურად და ბინძურად ამბობენ სიმართლეზე, რომ ტყუილია", - განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
ამასთან, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, კანონპროექტთან დაკავშირებით სოცქსელში გამოქვეყნებულმა მისმა პოსტმა 7 ათასი „ლაიქი" დააგროვა, რაც მხარდაჭერაზე მეტყველებს.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
- არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
- მაუწყებელი;
- იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
- იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
- უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
- ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
- იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
- ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.