თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა აშხაბადში გამართულ შეხვედრაზე საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივები განიხილეს, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება, სადაც შეხვედრებს მართავს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ცენტრალური აზიის რეგიონში ტურნეს ფარგლებში ქართული დელეგაცია უკვე ეწვია უზბეკეთს, ვიზიტი ყაზახეთში გაგრძელდება.
„ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, განსაკუთრებით „შუა დერეფნის" განვითარების პერსპექტივაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
შუა დერეფანი - არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს „შუა დერეფანი" არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
სპიკერის თქმით, თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ტურიზმისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე.
„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების დაგეგმვის მნიშვნელობაზე სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის კავშირების სტიმულირებისა და ტურიზმის განვითარების მიზნით. ასევე ვისაუბრეთ კულტურულ თანამშრომლობაზე, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა თურქმენეთის პრეზიდენტს აშხაბადში დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ძეგლის დადგმის გადაწყვეტილების გამო.
„ეს, რა თქმა უნდა, არის ქართული კულტურისა და ისტორიისადმი დიდი პატივისცემის ჟესტი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველომ და თურქმენეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 16 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. საქონელბრუნვამ ქვეყნებს შორის 2022 წელს 186,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მონაცემზე 13,8%-ით ნაკლებია.