ომბუდსმენი პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგისტრაციის გაუქმების საკითხს შეისწავლის

პარტია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების გასაჩივრებას და საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.
Sputnik
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს” რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, განაცხადა ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან.
საჯარო რეესტრის მხრიდან პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ ალტ-ინფოთვის", რომელიც ემხრობა ულტრამემარჯვენე შეხედულებებს და მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო პარტიის რეგისტრაციისას რამდენიმე დარღვევა. ერთ-ერთია ის, რომ პარტიის განახლებულ წესდებას, რომელიც სააგენტოში 2021 წლის 6 დეკემბერს შევიდა, არ ჰქონდა პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ყველა წევრის ხელმოწერა, როგორც ამას კანონი მოითხოვს. მასზე მხოლოს მორგოშიას ხელმოწერა იყო, რომელიც ყრილობას თავმჯდომარეობდა.
„მიუხედავად იმისა, როგორია ეს პარტია, როგორია მისი იდეოლოგია, როდესაც იგი რეგისტრირებულია, ქართული კანონმდებლობის თანახმად, უნდა იყოს მისი გაუქმებისთვის კონკრეტული საფუძვლები, რაც ასევე კანონში წერია", - განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ საკითხს შეისწავლის და საზოგადოებას მიაწოდებს ინფორმაციას თუ რამდენად სწორი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საჯარო რეესტრმა.
პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" რეგისტრაციის კანონიერების შესწავლის ინიციატორი ანტიკორუფციული ბიურო იყო, ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
როგორც მორგოშიამ განაცხადა, საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრდება იურიდიულად, ასევე დაგეგმილია საპროტესტო აქციის გამართვა.
გასულ კვირაში „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებისთვის 25 ათასი მოქალაქის ხელმოწერა წარუდგინა.
მან სააგენტოს გადაწყვეტილებას უპრეცედენტო, პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
პარტია შეიქმნა „ალტ-ინფოს" ინტერნეტ-პლატფორმის ბაზაზე.