ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანას აბიტურიენტები აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით შეძლებენ.
Sputnik
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. მიმდინარე წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა – 47 ათასზე მეტი დარეგისტრირდა, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 4 მარტს დაიწყო და 4 აპრილს დასრულდა. აბიტურიენტების რეგისტრაცია ცენტრის ვებ-გვერდზე მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში იყო შესაძლებელი.
ცენტრის ცნობით, აბიტურიენტების გარდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია კი 10 ათასზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.
მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაცია კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და 15 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად ტარდება.
რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ (4 აპრილი) აბიტურიენტს არ აქვს უფლება, შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი).
რეგისტრაციის მეორე ეტაპზე კი (15 აპრილის 18:00 საათამდე) აბიტურიენტს შესაძლებლობა ექნება შეცვალოს ჩასაბარებელი საგანი (წაშალოს, დაამატოს), გამოცდის ენა ან აირჩიოს კონკურსი (შემოქმედებითი ტური).
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა ფასიანია: ერთი გამოცდის საფასური 10 ლარს შეადგენს.
იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ „ზოგადი უნარების“ საგანს აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.