თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს" რეგისტრაციის გაუქმებას პოლიტიკური მოტივაცია არ უდევს საფუძვლად, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ ალტ-ინფოთვის", რომელიც ემხრობა ულტრამემარჯვენე შეხედულებებს და მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო პარტიის რეგისტრაციისას რამდენიმე დარღვევა. ერთ-ერთია ის, რომ პარტიის განახლებულ წესდებას, რომელიც სააგენტოში 2021 წლის 6 დეკემბერს შევიდა, არ ჰქონდა პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ყველა წევრის ხელმოწერა, როგორც ამას კანონი მოითხოვს. მასზე მხოლოდ კონსტანტინე მორგოშიას ხელმოწერა იყო, რომელიც ყრილობას თავმჯდომარეობდა.
„ჩვენი მხრიდან არანაირი პოლიტიკური მოტივაცია არ არსებობს, როგორც ვთქვით, გამოვლინდა ხარვეზები და რეგისტრაცია გაუქმდა. რაც შეეხება გავიდა თუ არა ეს პარტია პოლიტიკურ პროცესებიდან, თავად უნდა გადაწყვიტონ. თუ მათ სურთ პოლიტიკაში აქტიურობა და ისევ პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირება, ამ შემთხვევაში კანონის სრული დაცვით უნდა დარეგისტრირდნენ“, - განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, „კონსერვატიული მოძრაობის" რეგისტრაცია შემოწმების საფუძველზე გაუქმდა.
„რეესტრმა განიხილა ანტიკორუფციული ბიუროს განცხადება და აღმოაჩინა, რომ აღნიშნული პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისას მართლა იყო დაშვებული შეცდომა, კერძოდ, მათ არ წარმოადგინეს ყრილობის შეცვლილი წესდება", - განაცხადა ბრეგაძემ.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, „კონსერვატიულ მოძრაობას" შეუძლია თავიდან გაიაროს რეგისტრაცია და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.
„პოლიტიკური პარტია თუ შეცდომას უშვებს, უნდა იზრუნოს მის გამოსწორებაზე და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღოს, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პოლიტიკური პარტიაა იგი“, - განაცხადა ბრეგაძემ.
პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" რეგისტრაციის კანონიერების შესწავლის ინიციატორი ანტიკორუფციული ბიურო იყო, რომელმაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს მიმართა.
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ შეისწავლის სააგენტოს გადაწყვეტილების კანონიერებას.
პარტიის დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ სააგენტოს გადაწყვეტილებას უპრეცედენტო, პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. მისი თქმით, პარტიაზე ზეწოლა მისი მზარდი რეიტინგის გამო ხორციელდება.
როგორც მორგოშიამ განაცხადა, პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება იურიდიულად გასაჩივრდება, ასევე დაგეგმილია საპროტესტო აქციის გამართვა.
გასულ კვირაში „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებისთვის 25 ათასი მოქალაქის ხელმოწერა წარუდგინა.