საეკლესიო კალენდარი: 8 აპრილი

8 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშავს ხსენებას: გაბრიელისა; მღვდელმოწამისა ირინეოსისა; მოწამეთა: ბათუსი და ვერკი ხუცესთა, არპილე მონოზონისა, საეროთა: აბიბოსი, აგნისა, რეასესი, იგათრაქსისა, ისკოისა, შილასი, სიგიცესი, სონირილესი, სვიმბლესი, თერმესი, ფილესი
Sputnik
დედათა: ანასი, ალასი, ლარისასი, მოიკოსი, მამიკასი, უირკოსი, ანიმაისასი, გაათასი, გუთელი დედოფლისა, და დუკლიდასი; ღირსისა მალქოს ასურისა; ღირსისა ვასილი ახლისა.
Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა ღვაწლი მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.
მთავარანგელოზ გაბრიელის კრება
მთავარანგელოზი გაბრიელი უფალმა გამოარჩია, რათა ყოვლადწმიდა ქალწულისათვის და მასთან ერთად მთელი ქვეყნიერებისათვის ეხარებინა ძე ღვთისას განხორციელება, ამიტომ ხარების დღესასწაულის მეორე დღეს ეკლესია განადიდებს უფალს და თაყვანს სცემს მის კეთილ მაცნეს მთავარანგელოზ გაბრიელს.
მთავარანგელოზმა გაბრიელმა ძველი აღთქმის კაცობრიობას ძე ღვთისას განხორციელება აუწყა, მოსე წინასწარმეტყველს, შესაქმის დაწერა შთააგონა, დანიელ წინასწარმეტყველს გაუცხადა ებრაელი ერის მომავალი (დან. 8,16; 9,21-24); ეცხადებოდა მართალ ანას და ახარებდა ყოვლადწმიდა ქალწულის შობას; მოუშორებლად ახლდა ყრმა მარიამს იერუსალიმის ტაძარში.
გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხადა მღვდელმთავარ ზაქარიას და უწინასწარმეტყველა უფლის წინამორბედის – იოანე ნათლისმცემლის შობა. უფალმა გაბრიელი გაუგზავნა დურგალ იოსებს და აუწყა ყოვლადწმიდა მარიამის მიერ ძე ღვთისას შობა, გააფრთხილა ჰეროდეს მზაკვრობაზე და უბრძანა, ეგვიპტეში გაქცეულიყო ყრმა მაცხოვართან და ღვთისმშობელთან ერთად. როდესაც მაცხოვარი გეთსემანიის ბაღში ლოცულობდა, ეკლესიის სწავლებით, მამა ღმერთმა გაბრიელ მთავარანგელოზი გამოუგზავნა განსაძლიერებლად.
მთავარანგელოზ გაბრიელისაგან გაიგეს მენელსაცხებლე დედებმა უფლის ბრწყინვალე აღდგომა.
მართლმადიდებელი ეკლესია თავის შვილებს მოუწოდებს, სარწმუნოებით ილოცონ წმიდა მთავარანგელოზ გაბრიელისადმი, ითხოვონ მისგან მეოხება და ხილულ და უხილავ მტერთაგან დაცვა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროების გამოყენებით