„იგივეა, რომ სახლში ჩართული უთო დაგრჩეს“ - მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვიზიტებზე

დეპუტატის თქმით, ვიზიტებზე უარი სარგებელს მოუტანს როგორც ქვეყანას, ისე თავად ზურაბიშვილს.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის საზღვარგარეთ ვიზიტებზე თანხმობის მიცემა იგივეა, რომ სახლში ჩართული უთო დატოვო ან ბავშვს ხელში ასანთი მისცე, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მაჭარაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ ზურაბიშვილს 10-12 აპრილს ლიეტუვაში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის განხორციელებაზე უარი უთხრა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ზურაბიშვილს საგარეო ვიზიტები და ოფიციალური შეხვედრები მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია განახორციელოს. 2023 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა იმპიჩმენტის მიზეზი გახდა.
„როგორც ბავშვს არ უნდა მისცე ასანთი ან სახლში ჩართული უთო დატოვო, ასევე არ შეიძლება პრეზიდენტის საზღვარგარეთ გაშვება. ეს ადამიანი ფეთქებადია - არავინ იცის სად აფეთქდება და სად დააზარალებს ქვეყანას და თქვენ გინდათ, რომ მას ჩვენ დავეხმაროთ ამაში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ვიზიტებზე უარი სარგებელს მოუტანს როგორც ქვეყანას, ისე თავად ზურაბიშვილს.
„აშკარაა, რომ მას არ აინტერესებს საქართველო და არ შეტკივა გული მასზე. თუმცა, რაც უფრო მეტ დარტყმას მიიღებს საქართველო და მისი ფორმალური პრეზიდენტი - მით უკეთესი", - განაცხადა დეპუტატმა.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა.