ევრო 2024: პრემიერმა ეკონომიკის სამინისტროს ავიაბილეთების ფასების კონტროლი დაავალა

კობახიძის თქმით, რაც უფრო მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება მატჩებს, მით უკეთესია ნაკრების წარმატებისთვის.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე მატჩების დასწრების მსურველთათვის ეკონომიკის სამინისტროს დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველყოფა და საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის ბილეთების ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზება დაავალა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს - ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში ეროვნულმა გუნდმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა და საგზური მოიპოვა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. უეფას ოფიციალურ პლატფორმებზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს 13:00 საათიდან დაიწყება.
„მინდა, ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დაიწყოს მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული და დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, რაც უფრო მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება საფეხბურთო მატჩებს, მით უკეთესია ნაკრების წარმატებისთვის.
„დარწმუნებული ვარ, გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასვლა და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ამას ხელი შევუწყოთ", - აღნიშნა პრემიერმა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ავიაკომპანიებმა მოთხოვნის გაზრდით ისარგებლეს და ევროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ ბილეთების ფასი რამდენჯერმე გაზარდეს.
„ეკონომიკის კანონია, მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას, შესაბამისად, გაიზარდა ფასები თვითმფრინავის ბილეთებზე", აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატისთვის გერმანიის ქალაქების მიმართულებით სპეციალური ჩარტერული რეისები დანიშნა, 1 აპრილიდან ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ჩარტერულ რეისებზე ბილეთების ფასები 295 ევროდან იწყება.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
18 ივნისი, დორტმუნდი
საქართველო - თურქეთი
22 ივნისი, ჰამბურგი
საქართველო - ჩეხეთი
26 ივნისი, გელზენკირხენი
საქართველო - პორტუგალია
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.